05 ივლისი 2021 "კოალიცია თანასწორობისთვის" წევრი ორგანიზაციები ხელისუფლებას ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობის დაუყოვნებლივი აღკვეთისა და სათანადო გამოძიებისაკენ მოუწოდებენ

“თბილისი პრაიდს“ წელსაც არ მიეცა “ღირსების მარშის“ გამართვის შესაძლებლობა. წინა კვირების მანძილზე, საქართველოს ხელისუფლების წევრებმა არაერთი ჰომოფობიური განცხადება გაავრცელეს და ირიბად წაახალისეს დისკრიმინაცია. ხელისუფლებასთან ერთად, საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. დღეს კი, პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ფონზე, რომელმაც მარშის გამართვის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და საშიში აქცენტებით ძალადობა კიდევ უფრო წაახალისა, რუსთაველის გამზირსა და თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, წინასწარ მობილიზებულმა სიძულვილის ჯგუფებმა ძალადობრივი ქმედებები დაიწყეს.

დაშავდა მედიის ათობით წარმომადგენელი, დაზიანებულია მათი ტექნიკა. აქციაზე შეკრებილებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვება აიძულეს. 

დარბეულია “თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისები. ოფისების ევაკუაცია მოუწიათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას.

სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ გავხდით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მიზანმიმართული წახალისების მოწმე. ხელისუფლებამ კვლავ არ უზრუნველყო “ღირსების მარშის“ შეკრების თავისუფლება და არ მიიღო უსაფრთოების ეფექტიანი და დროული ზომები, რითიც წაახალისა ძალადობრივი ჯგუფები, ემოქმედათ კონსტიტუციისა და კანონის მიღმა. მიმდინარე პროცესებზე სრული პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაუყოვნებლივ მიიღოს პრევენციული ზომები ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტების უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად;
  • უზრუნველყოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და დაიცვას ძალადობისგან განურჩევლად თვითგამოხატვის ნებისმიერი ფორმისა;
  • დროულად აღკვეთოს ძალადობრივი ინციდენტები და დააკავოს მასში მონაწილე პირები;
  • ეფექტურად გამოიძიოს ძალადობის შემთხვევები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:

  • გააკეთონ კრიტიკული საჯარო განცხადებები ძალადობის ფაქტების მიმართ და ღიად დაგმონ ჰომოფობიური თავდასხმები.

 

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

თანასწორობის მოძრაობა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

უფლებები საქართველო

 

ფოტო: netgazeti.ge

პუბლიკაციები

საქმეები