“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან.
გთავაზობთ ამა წლის ივნისი თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.
უფლებები საქართველო
„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, 25 წლის ერიტრეის მოქალაქეს, ფ.ფ.ჰ.მ.-ს, საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც საუდის არაბეთში საემიგრაციო კანონმდებლობა შეიცვალა, ფ.ფ.ჰ.მ. იძულებული გახდა უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი სხვა ქვეყანაში ეძია. ის ჩამოვიდა საქართველოში, სადაც თავშესაფრის მინიჭება მოითხოვა.
2021 წლის 23 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა უარი თქვა მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ფ.ფ.ჰ.მ.-ის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
„უფლებები საქართველოს“ ჩართულობით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, ფ.ფ.ჰ.მ.-ს ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა. შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
საბოლოოდ, 2023 წლის 08 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფიდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
მეტი ამ საქმეხზ იხ. https://shorturl.at/pyLR4
ვიწრო ჩიხში ქალის თვალწინ მასტურბირებისთვის პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
2023 წლის იანვრის თვეში, თბილისის ერთ-ერთი ქუჩის ვიწრო ჩიხში, 23 წლის ქალის თვალწინ მასტურბირების ორი შემთხვევა მოხდა. ქალმა პოლიციას მიმართა და ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოითხოვა. მისი ინტერესების დაცვის მიზნით, საქმეში „უფლებები საქართველოს“ ადვოკატი ჩაერთო.
მსხვერპლისა და ორგანიზაციის ადვოკატის მიერ პოლიციისთვის წარდგენილმა მტკიცებულებებმა დაადასტურა სექსუალური შევიწროების ფაქტები და შემავიწროებლის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახადა, რის შედეგადაც პოლიციამ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და იგი განსახილველად სასამართლოს წარუდგინა.
თავის მხრივ, სასამართლომ გაიზიარა მსხვერპლის პოზიცია და მტკიცებულებები. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია პირის მიერ სექსუალური შევიწროების ჩადენა და მას, ადმინისტრაციული სახდელის სახით, 300 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამასთან ხაზგასასმელია, რომ, სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელსაც მოსამართლის წინაშე სექსუალური შევიწროების ჩადენის ფაქტები უნდა ემტკიცებინა, სასამართლო პროცესზე პასიურობა გამოიჩინა, რამაც მტკიცების ტვირთი, მეტწილად, მსხვერპლსა და მის ადვოკატზე გადმოიტანა.
მეტი ამ საქმეზე იხ. https://shorturl.at/fBHSY
„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, თავშესაფრის მაძიებელმა ტანზანიის მოქალაქემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა მოიგო
მ.მ.ჰ. თავისი გენდერული იდენტობის გამო ბავშვობიდანვე იყო შეურაცხყოფის, დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის, საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან. 2011 წელს, ის, სწავლის გაგრძელების მიზნით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წავიდა, სადაც, მისი გენდერული იდენტობის გამოაშკარავების გამო, პატიმრობაში ერთი თვის გატარება მოუწია. სწორედ ციხიდან გამოსვლის შემდგომ, ვინაიდან მას წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა, 2017 წელს მ.მ.ჰ. საქართველოში ჩამოვიდა და საერთაშორისო დაცვის მინიჭება მოითხოვა.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა თავდაპირველად მიიჩნია, რომ თავშესაფრის მაძიებელი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად, თუმცა, მას უარი ეთქვა სტატუსის მინიჭებაზე უსაფრთხოების მოტივებზე მითითებით. აღნიშნული გადაწყვეტილება „უფლებები საქართველოს“ დახმარებით, გასაჩივრდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. ორივე ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა, რომ მიგრაციის დეპარტამენტს თავიდან უნდა ემსჯელა საქმის გარემოებებზე და ისე მიეღო ახალი გადაწყვეტილება.
აღნიშნულის მიუხედავად, 2022 წლის ნოემბერში, მიგრაციის დეპარტამენტმა მ.მ.ჰ.-ს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ბენეფიციარისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.
მეტი ამ საქმეზე იხ. https://shorturl.at/dxNQ1
კავშირი „საფარი“
გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის კაცს 6,5 წელი მიუსაჯეს – საფარის საქმე
დაზარალებულია 24 წლის ქალი, რომლის ინტერესებსაც “საფარის” იურისტი, ნელი ქარელი იცავს. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა ქალმა და მსჯავრდებულმა კაცმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმოწერა ჰქონდათ. ქალის თქმით, კაცი მას ატყუებდა, რომ განქორწინებული იყო. 2022 წლის 3 ივლისს, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. კაცმა მას საკუთარ მანქანაში საუბარი შესთავაზა. საუბრის დროს კაცმა მისი ნების საწინააღმდეგოდ მანქანის კარი ჩაკეტა და ძალით წაიყვანა ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისი გაუპატიურება სცადა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის კაცს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაუპატიურების მცდელობის გარდა (მე-19; 137-ე მუხლი), კაცი დამნაშავედ ცნეს მუქარასა (151-ე მუხლის I ნაწილი) და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (143-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტი).
მეტი ამ საქმეზე იხ. https://shorturl.at/qCGPU
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საიას დახმარებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირი სამსახურში აღდგება
საია სასამართლოში იცავდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირს, რომელიც 2015 წლიდან იყო აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული. დასაქმებულის გათავისუფლებამდე მის მიმართ ჯერ დაიწყო დისციპლინური წარმოება, შემდეგ კი, უწყებამ მიიღო მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.
კანონიერ ძალაში შესული, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოხელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, მოპასუხე უწყებას დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მეტი ამ საქმეზე იხ. https://shorturl.at/DEJK4
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაევალა
საია სასამართლოში იცავს 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებული პირის ინტერესებს. მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის დარბევისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მოხვდა მას რეზინის ტყვია თვალ-წარბის არეში. მხედველობის დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა რამდენიმე სამედიცინო პროცედურა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშიც მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში შესული არ არის.
მეტი ამ საქმეზე იხ. https://shorturl.at/gyDLZ
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სექსუალური ძალადობის საქმის განხილვა დასრულდა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის - 11' 137-ე, 138-ე, 141-ე და 126-ე მუხლებით ( გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, გარყვნილი ქმედება, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).
მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მოძალადე ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნო, PHR-ს მიაჩნია, რომ ბავშვის უფლებების დარღვევის, ძალადობის ფორმების, ინტენსივობის, ასაკის, მოწყვლადი და დაქვემდებარებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მიყენებულ ზიანს და სასჯელის მიზნებს. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის დანიშვნისას ასევე არ იქნა გათვალისწინებული დაზარალებული ბავშვის პოზიცია. სასამართლოში ანამ და მისმა ძმამ მოსამართლეს უთხრეს, რომ მათ სურდათ მოძალადე მკაცრად დასჯილიყო, იმის გამო, რაც ანას დაუშავა.
მეტი ამ საქმეზე იხ. https://shorturl.at/aSV89
როგორ ისჯება ზეგავლენა ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე
ანა ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, ვისზეც მამინაცვალი სამი წელი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა, აუპატიურებდა, ემუქრებოდა.
მოძალადის დაკავების შემდეგ ანა სასამართლო გადაწყვეტილებით განცალკევდა ოჯახიდან (ძალადობა ოჯახში ხდებოდა). რამდენიმე დღის შემდეგ ანასთან დედა მივიდა და სთხოვა მოძალადის წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა. მოძალადე დედის მეგობარი მამაკაცი იყო.
ანასთვის ეს იყო უმძიმესი გადასატანი და გასააზრებელი, როდესაც საკუთარმა დედამ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების არ მიცემა სთხოვა.
PHR-ში აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება. შევატყობინეთ სამართალდამცავ ორგანოებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, დედის მიმართ გამოვაწერინეთ შემაკავებელი ორდერი.
გაუპატიურების მსხვერპლ ბავშვზე დედის მხრიდან ზეგავლენისთვის სასამართლომ ადეკვატურ სასჯელად ერთი წელი პირობითი მსჯავრი მიიჩნია.
პროკურატურა სასამართლო გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში, სადაც PHR როგორც დაზარალებულის ადვოკატი წარადგენს საკუთარ პოზიციას.
ამ საქმეზე მეტი იხ. https://shorturl.at/nzCH8
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა N1513 კონსტიტუციური სარჩელი ,,მამუკა ტოლიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’. მოსარჩელის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის.
ამ საქმეზე მეტი იხ. https://shorturl.at/iFPSU