“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან.
გთავაზობთ ამა წლის მაისის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.
უფლებები საქართველო
„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, სირიის ორმა მოქალაქემ, ახალგაზრდა მამაკაცმა და სტუდენტმა გოგონამ, საქართველოში საერთაშორისო დაცვა მიიღო.
სირიის მოქალაქეებს სამშობლოს დატოვება მოუწიათ ქვეყანაში 2011 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო. ორივე მათგანმა, კანონმდებლობის მოთხოვნების შესახებამისად, თავშესაფრის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, მიგრაციის დეპარტამენტმა მათ საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი უთხრა.
თავშესაფრის მაძიებელმა სირიელებმა მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს და დავა მოიგეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა სათანადოდ არ შეაფასა სიცოცხლის მოსპობის და ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის რისკები, რაც სირიის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ემუქრებოდათ და მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა. თუმცა შსს მიგრაციის დეპარტამენტმა ორივე საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2023 წლის 03 მაისის განჩინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორივე საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა და, საბოლოოდ, შსს მიგრაციის დეპარტამენტს დაავალა ახალგაზრდა მამაკაცისათვის - ლტოლვილის სტატუსის, ხოლო სტუდენტი გოგონასთვის - ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
სირიელი მოქალაქეების ინტერესებს ორივე ინსტანციის სასამართლოში „უფლებები საქართველოს“ იურისტი, რუსუდან მჭედლიშვილი წარმოადგენდა.
ამ საქმეზე მეტი იხ. https://rb.gy/6suhn
ეს ფემიციდის მსხვერპლის შვილისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის პირველი შემთხვევაა
ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ფემიციდის მსხვერპლის არასრულწლოვანმა შვილმა, 8 წლის გოგონამ, 10 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია მიიღო. კომპენსაციის მიღების საკითხზე, ორგანიზაციას დახმარებისთვის მცირეწლოვანი გოგონას ბებიამ მოძალადე მამაკაცის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მომართა.
ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება არასრულწლოვან გოგონას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სასამართლომ მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულა და მოძალადე მამაკაცის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა. „უფლებები საქართველომ“ მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენით, ბავშვისა და ბებიის წერილობითი განცხადებებითა და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 3 აპრილს მიმართა. 2 მაისს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა ფემიციდის მსხვერპლის შვილისათვის 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გაცემის გაცემის შესახებ ბრძანება გამოსცა.
ამ საქმეზე მეტი იხ. https://rb.gy/rl4ib
კავშირი „საფარი“
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი $22000 ღირებულების სახლს მიიღებს
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა. ახალგაზრდა ქალსა და მის ნათესავებს შორის სამემკვიდრეო დავა 2023 წლის 23 მაისს მორიგებით დასრულდა, რის საფუძველზეც ის $22000 ლარის ღირებულების კეთილმოწყობილ სახლის მესაკუთრე გახდა. საქმეზე “საფარის” იურისტი, ცირა ჯგერენაია 2021 წლიდან მუშაობს. პროცესში ჩართული იყო ორგანიზაციის იმერეთის რეგიონის იურისტი, სალომე სალდაძეც.
იურისტთა გასაუბრებისას მან ახსენა, რომ რამდენჯერმე იყო ნამყოფი მამისეულ სახლში, ქალაქ ქუთაისში. მამა 2007 წელს, 4 წლის ასაკში გარდაეცვალა. იურისტმა ცირა გჯერენაიამ მასთან გასაუბრების შემდეგ საქმის გამოკვლევა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის ბაბუის საკუთრებაში მართლაც ფიქსირდებოდა საცხოვრებელი სახლი. ბაბუისა და მამის გარდაცვალების შემდეგ, სახლი უკანონოდ, არაერთი დარღვევის საფუძველზე ერთ-ერთმა მემკვიდრემ დაირეგისტრირა საკუთრებაში.
“საფარმა” დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოიპოვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ჯერ ქუთაისის საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოებს მიმართა. 2023 წლის 23 მაისს საქმე მორიგებით დასრულდა – ახალგაზრდა ქალს $22000 ღირებულების სახლი გადაეცა.
ამ საქმეზე მეტი იხ. https://rb.gy/07gmt
იმერეთში, შსს-ს თანამშრომელს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა
იმერეთში, შსს-ს თანამშრომელს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა. ეს რეგიონში ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირველი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმის გამოყენების პრაქტიკა აქამდე “საფარს” არ ჰქონია.
საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორისაა, ადევნება და მუქარა. ქალმა, რომელიც შსს-ს მოქმედი თანამშრომელს არაერთ დანაშაულში ამხელს, “საფარს” 25 აპრილს მიმართა. იურისტთან ერთად 1-ელ მაისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. 8 მაისს პოლიციამ კაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და დააწესა ელექტრონული ზედამხედველობა. 10 მაისს სასამართლომ დაადასტურა ელექტრონული სამაჯურის გამოყენების აუცილებლობა
ამ საქმეზე მეტი იხ. https://rb.gy/86llh
6 წელი გაუპატიურებისთვის – 26 წლის კაცს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისთვის 26 წლის კაცს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ 5 მაისს გამოაცხადა.
დაზარალებული ქალი 24 წლისაა. მან “საფარს” დახმარებისთვის 2022 წლის აგვისტოში, შემთხვევიდან ორ კვირაში მიმართა. საქმის მასალების მიხედვით, კაცი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ქალი ურთიერთობაზე დაეთანხმებინა. ქალის უარის მიუხედავად, ის თავს არ ანებებდა და სხვადასხვა ფორმით ცდილობდა მასთან კომუნიკაციას. საბოლოოდ, ურთიერთობის გარკვევის მიზნით ქალი შეხვედრაზე დათანხმდა, რა დროსაც კაცმა გააუპატიურა.
ამ საქმეზე მეტი იხ. https://rb.gy/aaw3t
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან“ გათავისუფლებული პირის საქმე სასამართლოში წარმატებით დასრულდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ ყოფილი თანამშრომლის სარჩელი.
„საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა, მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა. დასაქმებული იყო საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წევრი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ“ მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ცნო ბათილად, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 3000 ლარის, დამატებით გამოუყენებელი შვებულებისა და საპროცესო ხარჯების ანაზღაურება. გადაწყვეტილება ამ დროისთვის არაა შესული კანონიერ ძალაში.
ამ საქმეზე მეტი იხ. https://rb.gy/6dt8i
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
შორენა ფხალაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსია სასამართლოს ძალით მოიპოვა
2019 წელს შორენამ აღმოაჩინა, რომ ეკუთვნოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და სოციალური პაკეტი (შშმ პირთა პენსია). მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ პოლიკლინიკას. თუმცა, ვინაიდან ვერ წარადგინა ბავშვობაში ჩატარებული აუდიოგრამა, პოლიკლინიკამ უარი უთხრა შშმ პირის სტატუსის მინიჭებაზე, რაც მას შშმ პირის პენსიას მისცემდა.
შორენამ, კუთვნილი შშმ პირის პენსიის მოპოვების მიზნით სასამართლოს მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, შორენამ მოიპოვა გენეტიკური კვლევის შედეგი, რაც ადასტურებდა სადაო ფაქტობრივ გარემოებებს (ბავშვობაში არსებულ სმენის დაქვეითებას). ასევე, სპეციალისტის სახით, გამოიკითხა პროფესორი, რომელმაც სასამართლოს არსებითი მნიშვნელობის ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაავადების მახასიათებელია, გენის დაზიანება ჩასახვის მომენტიდან.
სასამართლომ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დააკმაყოფილა შორენა ფხალაძის მოთხოვნა. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით. PHR საქმეში სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე ჩაერთო.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა PHR-ის პოზიცია და მიიჩნია, რომ: მოქალაქეების ინტერესები არ უნდა დაზარალდეს, იმის გამო რომ ქვეყანაში დოკუმენტების შენახვის სისტემა და მათი წარდგენის შესაძლებლობა გამართული არ არის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ. სააგენტო მიუთითებდა კონკრეტული, კანონის საფუძველზე განსაზღვრული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის არარსებობაზე, რაც შორენა ფხალაძის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთი საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია და აღნიშნა, რომ კონკრეტული დოკუმენტის არარსებობის პირობებშიც, სასამართლოს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე (მათ შორის ექსპერტის ჩვენება) შეუძლია დადგენილად მიიჩნიოს ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დასტურდება ფაქტი, რომ შორენა ფხალაძეს ბავშვობიდან აღენიშნებოდა სმენის დაქვეითება.
ამ საქმეზე მეტი იხ. https://rb.gy/mz93p