“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან.
გთავაზობთ ამა წლის თებერვლის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
წულუკიანის საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო
23 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონოდ მიიჩნია გიორგი ჯამბურიას ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლება. გიორგი ჯამბურიას ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. ის ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ.
გიორგი ჯამბურია სამსახურიდან 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა მუზეუმში რეორგანიზაციის გამოცხადება. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, აღნიშნული რეორგანიზაციის რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოყენებულ იქნა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით.
გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფხაზეთში მცხოვრები შშმ პირის საქმეზე სასამართლო დავა მოიგო
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფხაზეთში მცხოვრები შშმ პირის საქმეზე მნიშვნელოვანი სასამართლო დავა მოიგო, რომელიც 2023 წლის 22 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირები გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს და მიუთითა, რომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების, მათ შორის შშმ პირების ინტეგრაციაზე ზრუნვა და საბაზისო სერვისებზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა.
2021 წელს ოჩამჩირეში (აფხაზეთი) მცხოვრებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საქართველოს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ფლობს, შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსიის მოთხოვნით საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. სამწუხაროდ, სოციალური მომსახურების სააგენტომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მიუთითა, რომ იმის გამო, რომ ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, მსგავსი სოციალური დახმარებით ვერ ისარგებლებდა. სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოში გაასაჩივრა.
პირველი ინსტანციის მგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ სცნო სოციალური მომსახურების სააგენტოს მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს ადეკვატური სოციალური მხარდაჭერას არ აძლევდა. აღნიშნული საქმე პრეცედენტულია და დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში განაპირობებს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირების სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოებას და ამ მიზნით ახალი საკანონმდებლო ცვლილებებს.
ამ საქმის შესახებ იხ. ბმულზე.
სააპელაციომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მუზეუმიდან დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება
28 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული დინარა ვაჩნაძის საქმეზე. ქალბატონი დინარას ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.
საქმე შეეხება 2022 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ქალბატონი დინარა ვაჩნაძის სარჩელი და უკანონოდ ცნო მუზეუმის ბრძანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ.
მოპასუხე სადავოდ ხდიდა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მუზეუმის არგუმენტაცია და სრულად ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მუზეუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა.
ამ საქმის შესახებ იხ. ბმულზე.
საფარი
ე.წ. ავტოსტოპის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. ავტოსტოპის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ტრაილერის მძღოლს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დაზარალებული ქალის ინტერესებს “საფარის” იურისტი, თამარ ლუკავა იცავს.
შემთხვევა 2020 წლის სექტემბერში მოხდა. დაზარალებული ქალი გურიიდან თბილისში ავტოსტოპით მიდიოდა. გზაში მას ტრაილერმა გაუჩერა და წაყვანა შესთავაზა. ქალი იხსენებს, რომ პირველი 1-1,5 საათის განმავლობაში მასსა და მძღოლს შორის კეთილგანწყობილი კომუნიკაცია იყო და საფრთხე არ უგრძვნია. გარკვეული პერიოდის შემდეგ მძღოლმა წლის საყიდლად გააჩერა, თუმცა მის ნაცვლად ლუდი იყიდა და ქალსაც შესთავაზა. ქალის ჩვენების მიხედვით, ამის შემდეგ დაიწყო კაცისგან სექსუალური შინაარსის საუბარი, ხუმრობები და უხამსი შეთავაზებები უხეში და მისთვის დამამცირებელი ფორმით. ქალმა მას ტრაილერის გაჩერება სთხოვა, თუმცა კაცმა სიჩქარეს უფრო მოუმატა. ქალი იხსენებს, რომ რამდენჯერმე სცადა მოძრავი ტრაილერის კარის გაღება, თუმცა ის ჩაკეტილი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ქალმა მოახერხა მალულად მიეწერა მეგობრისთვის და დახმარება ეთხოვა. ქალის მეგობარმა პოლიცია გამოიძახა. მას შემდეგ, რაც კაცი დარწმუნდა, რომ პოლიცია მისი ქცევის შესახებ ინფორმირებული იყო, ტრაილერი გააჩერა და ქალი მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვა. რამდენიმე წუთში ქალს პოლიციის ეკიპაჟმა მიაკითხა და განყოფილებაში გადაიყვანეს.
2023 წლის 31 იანვარს, სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ამ საქმის შესახებ იხ. ბმულზე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საიას სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ნორმა, რომელიც 65 წლის ასაკს მიღწეულ პირს უკრძალავდა სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას
22 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა განჩინება საქმეზე „გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ.
მოსარჩელეების (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი აკადემიური თანამდებობის პირები) ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ გამარტივებული წესით, საქმის არსებით განხილვაზე, დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა 65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლებას აკადემიური თანამდებობიდან (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი). საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე გააუქმა ის ნორმა, რომელიც 65 წელს გადაცილებულ პირს უკრძალავდა აკადემიური თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას.
ამ საქმის შესახებ იხ. ბმულზე.
საიამ ფემიციდის კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დედისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.გადაწყვეტილება სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა უცვლელად დატოვა. აღნიშნული არის საიას წარმოებაში არსებული ერთ-ერთი ფემიციდის საქმე, რომელზეც სასამართლომ კვლავ დაადგინა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. სახელმწიფომ ვერც ამ კონკრეტულ საქმეში შეძლო ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სიცოცხლის დაცვა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მსხვერპლი ქალი წლების განმავლობაში იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. მან არაერთხელ მიმართა საგამოძიებო ორგანოსა და სამედიცინო დაწესებულებას მეუღლის მიერ მიყენებული დაზიანებების გამო. ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულიც იყო გამოძიება, რომელმაც მხოლოდ 24 დღეს გასტანა და შეწყდა „დანაშაულის ნიშნების არარსებობის’’ გამო. საბოლოოდ, მსხვერპლს ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით მიაყენა დაზიანებები, რამაც გარდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსხვერპლმა პოლიციას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა. მიმართვის დროს პოლიციისთვის ცნობილი იყო ან მას უნდა სცოდნოდა, რომ რამდენიმე თვის წინ მოძალადემ მსხვერპლზე იძალადა, რისი დასტურიც იყო სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები და მრავობითი ნაჭდევები.
ამ საქმის შესახებ იხ. ბმულზე.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
ნინის გამარჯვება
ნინი მაისურაძე ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოა და დედასთან ერთად ქალაქ თელავში ცხოვრობს.
2017 წელს ნინის სკოლა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო , ახალ შენობაში გადავიდა, რომელიც ნინის სახლიდან შორს მდებარეობდა. სკოლამ მოსწავლეების გადასაყვანად სატრანსპორტო მომსახურების სერვისი შექმნა. თუმცა, სატრანსპორტო სერვისის შერჩევისას, სამინისტრომ და სკოლამ, ნინის საჭიროებები არ გაითვალისწინა და ტრანსპორტი მისი ეტლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა.
ნინი სკოლის გარეშე დარჩა. ტრანსპორტის არქონის გამო, ნინის დედა იძულებული გახდა დათანხმებოდა ბავშვის ჩართვას შინ სწავლის პროგრამაში, თუმცა, მალევე აღმოაჩინა, რომ იძულებითი შინ სწავლება ნინისთვის, მთელი წელი სკოლიდან გარიყვის და მეგობრების გარეშე დარჩენის ტოლფასი იყო
საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR”, ჩაერთო და ნინის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით, თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართა
სამწუხაროდ, თელავის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნინო მაისურაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა (მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძე)
ნინიმ და PHR-მა, თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 14 თებერვალს, ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა და თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით დაადგინა შშმ ნიშნით დისკრიმინაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან. სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. (ადმინისტრაციული კოლეგია: მოსამართლე მარიამ ცისკაძე, მოსამართლე შოთა გეწაძე, მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე)
ამ საქმის შესახებ იხ. ბმულზე.
20 წლის წინ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე, PHR-ის მოთხოვნით, პროკურატურამ მსხვერპლები დაზარალებულად ცნო
პროკურატურამ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაზარალებულად ცნო დები, რომლებიც ბავშვობის ასაკში, ნათესავის მხრიდან, სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
ეკა* 31 წლის არის. დაახლოებით 7 წლის იყო, როდესაც, მის მიმართ, ბიძამ სექსუალური ძალადობა დაიწყო. ეკას მიმართ სექსუალური ძალადობა ხშირად ხდებოდა და წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მარიამი* დღეს 24 წლისაა. მის მიმართ გაუპატიურება დაახლოებით 14 წლის წინ მოხდა, იგი ბიძის მხრიდან ძალადობას სისტემატურად, წლების განმავლობაში განიცდიდა.
სქესობრივი განათლების არქონის პირდაპირი შედეგი
ეკა და მარიამი ბავშვობის ასაკში ვერ აცნობიერებდნენ, რომ ბიძის ქცევა სექსუალური ძალადობა იყო. მათ არც სკოლაში ასწავლეს სექსუალური ძალადობის შესახებ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იმ ასაკში ეკაც და მარიამიც განეკუთვნებოდნენ მოწყვლად ჯგუფს, რომლებსაც ასაკის გათვალისწინებით ხელი არ მიუწვდებოდათ იმ ცოდნაზე და გამოცდილებაზე, რაც მისცემდათ ქმედებების გაცნობიერების საშუალებას და რითაც შექმნილ სიტუაციაში თავს დაიცავდნენ.
ეკამ და მარიამმა თავიანთი უფლებების დასაცავად ბრძოლა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ძალადობიდან რამდენიმე წელია გასული, შესაძლებელი გახდა მტკიცებულებების შეგროვება.
2023 წლის 01 თებერვალს პროკურორმა დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატის მოთხოვნა ეკას და მარიამის დაზარალებულად ცნობის შესახებ. გამოძიების ამოწურვისთანავე , PHR მოძალადის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას მოითხოვს.
ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ბავშვების ინფორმირებას სექსუალური ძალადობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 9 ივლისს PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ბავშვის ასაკის შესაბამისი, ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანისა და სწავლების შესახებ.
ფოტო: წყარო
*ორივე სახელი შეცვლილია.
ამ საქმის შესახებ იხ. ბმულზე.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
GDI-იმ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ანგარიში წარუდგინა
GDI-იმ გამოხატვის თავისუფლებაზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წარდუგინა ანგარიში, ქვეყანაში არსებული მედია გარემოს შესახებ. კერძოდ, ანგარიშში განხილულია ის პრობლემები, რომელიც ცალსახად უშლის ხელს თავისუფალი მედია გარემოსა და მდგრადი განვითარების მიზნების, კერძოდ კი მე-16 მიზნის მიღწევას.
დეტალურად იხ ბმულზე.
—-----------------------------
“კოალიცია თანასწორობისთვის” განაგრძობს თქვენთვის მუშაობას. შეგახსენებთ, რომ თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის მოგვმართეთ:
კოალიციის ხაზი: 568 47 14 14
კოალიციის Facebook გვერდი