30 დეკემბერი 2022 “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციების მიმდინარე წარმატებული საქმეები - დეკემბერი

“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან. 

გთავაზობთ ამა წლის დეკემბრის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.

 

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეებზე მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა

2022 წლის 1 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა. განმცხადებლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოში საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის მიეღწიათ და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერი მათი გენდერული იდენტობის შესაბამისად შეეცვალათ.

ევროპულ სასამართლოში ორი განმცხადებლის საქმეს ა. დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ №57864/17 და ა. კ. საქართველოს წინააღმდეგ №79087/17   პარტნიორ ორგანიზაციასთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG აწარმოებდა, ხოლო მესამეს - ნიკოლო ღვინიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ №55353/19, ასევე, EHRAC-თან თანამშრომლობით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გენდერული იდენტობის უფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ თავისუფალი შეფასების ვიწრო ფარგლებში უნდა იმოქმედოს. ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

დევნილმა ოჯახმა საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით დავა მოიგო

საია-ს ზუგდიდის ოფისი იცავდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული  პირის ინტერესებს, რომელის ოჯახსაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უარი უთხრა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახი  ცხოვრობდა სიცოცხლისათვის /ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში, რაც დასტურდებოდა ექსპერტიზის დასკვნით. მიუხედავად ამისა, მათი მოთხოვნა საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სააგენტომ არ დააკმაყოფილა.

საია-ს დახმარებით, დევნილმა ოჯახმა გაასაჩივრა ის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი უთხრეს საცხოვრებლის გადაცემაზე. სამივე ინსტანციის სასამართლოში დავა დევნილი ოჯახის სასარგებლოდ დასრულდა. სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინით  დაკმაყოფილების თაობაზე. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

 

საიამ ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციასთან „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)” თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „არა პანორამას“ აქციის 7 მონაწილის სახელით საქმეს აწარმოებდა, რომელზეც გადაწყვეტილება 2022 წლის 15 დეკემბერს გამოვიდა. სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) მუხლის დარღვევა და მომჩივნებს სამართლიანი დაკმაყოფილება მიანიჭა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2015 წლის 19 ივლისს, თბილისის საკრებულოს წინ, „თბილისი პანორამას“ პროექტის გაპროტესტების მიზნით აქცია გაიმართა. აქციის რამდენიმე მონაწილეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით „პანორამა არა ყ**“, რის გამოც სამართალდამცავებმა აქციის 7 მონაწილე დააკავეს. დაკავებულებიდან მამრობითი სქესის წარმომადგენლები მოათავსეს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მათ დაახლოებით 20 საათი გაატარეს. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს კი შსს-ს ეზოში პოლიციის მანქანაში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში შეეზღუდათ თავისუფლება. მომჩივნებს დაკავების საფუძველი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ განემარტათ. სამართალდარღვევათა ოქმების თანახმად, დაკავებულებს ხელში ეჭირათ პლაკატები უხამსი წარწერით, რომელსაც ისინი ხმამაღლა სკანდირებდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს. ასევე, ოქმების მიხედვით, ორი დაკავებული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, 7 მომჩივანი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის - პლაკატის ხელში ჭერის გამო, რომელზეც „უხამსი“ სიტყვა ეწერა. თითოეული მათგანი დაჯარიმდა 100 ლარით. სასამართლოს მიერ არ დადასტურდა მომჩივანთა მხრიდან სხვა ქმედებების ჩადენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა ემსახურება საჯარო მორალის და კონკრეტული პირის პატივისა და ღირსების დაცვას. თუმცა სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტული პირის ვინაობა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ამავე სასამართლოს მანდატურის მიმართ დაწესებული სავალდებულო საპენსიო ასაკი - 50 წელი - არაკონსტიტუციურად სცნო

2022 წლის 23 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა განჩინება საქმეზე ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე, არაკონსტიტუციურად სცნო ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური 50 წლის ასაკის მიღწევისას თანამდებობას ავტომატურად ტოვებდა. ამ საქმეში მოსარჩელე მხარის ინტერესებს იცავდნენ საიას იურისტები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 18 დეკემბერს არაკონსტიტუციურად სცნო საერთო სასამართლოს მანდატურის ავტომატური გათავისუფლება 50 წლის ასაკის მიღწევისას, ამის მიუხედავად, მსგავსი შეზღუდვა ძალაში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურთან მიმართებაში. საერთო სასამართლოს მანდატურები და საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურები ასრულებენ მსგავს ფუნქციებს - მოსამართლეების და სასამართლოს შენობაში მყოფი პირების უსაფრთხოების დაცვას. მათ აქვს საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების დაკავების და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებამოსილება. 2018 წლის 18 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში, რაც ეხებოდა საერთო სასამართლოს მანდატურის სავალდებულო საპენსიო ასაკს, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ 50 წელი არ წარმოადგენს იმ ასაკს, რომლის მიღწევისას ადამიანს უქვეითდება უნარები, რის გამოც ვერ შეძლებს საერთო სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სათანადოდ განხორციელებას. უფრო მეტიც, 50 წელს მიღწეულ პირს შესაძლოა უფრო მეტი ფიზიკური უნარიც კი აღმოაჩნდეს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, ვიდრე უფრო მცირე ასაკის მქონე პირს აქვთ. ამის გამო, 2018 წლის 18 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საერთო სასამართლოს მანდატურებისათვის დაწესებული შეზღუდვა - 50 წელს მიღწევისას წასულიყვნენ დაკავებული თანამდებობიდან. ვინაიდან მსგავს საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა საქმის არსებითი განხილვის გარეშე, გამწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურისათვის დაწესებული სავალდებულო საპენსიო ასაკის არაკონსტიტუციურად ცნობა. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 2022 წლის 23 დეკემბერს გამწესრიგებელ სხდომაზე მიღებული განჩინებით არაკონსტიტუციურად სცნო ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას 50 წლის ასაკის მიღწევისას. 

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.


 

თანასწორობის მოძრაობა

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში მსჯავრდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

2022 წლის 15 მარტს ა.ა.ი.პ „თანასწორობის მოძრაობას“ 21 წლის ქალმა მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ არასრულწლოვან ასაკში ბიძა მასზე სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

საქმეზე ეფექტურად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე დროის პერიოდში ბრალდებული სისტემატიურად, ძალადობითა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით ახორცილებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს და სექსუალური ხასიათის შეღწევას. ბრალდებული დაკავებული იქნა გონივრულ ვადაში და მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებული ცნობილ იქნა დამნაშვედ, შეეფარდა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლით შეუმცირდა ¼ ით და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.განაჩენი 9 წლის შემდეგ დადგა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

 

სტრასბურგმა ტრანსგენდერი კაცების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

2022 წლის 1 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა (WISG) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოებული სამი ტრანსგენდერი კაცის (ა.დ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ა.კ საქართველოს წინააღმდეგ და ნიკოლო ღვინიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შიდა კანონმდებლობით განსაზღვრული სქესის/გენდერის აღმნიშვნელი ჩანაწერის შეცვლის სამართლებრივი პროცედურა ბუნდოვანია. კერძოდ, შიდა კანონმდებლობაში („სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი) არსებული ნორმის მიუხედავად, სქესის/გენდერის აღმნიშვნელი ჩანაწერის შესაცვლელად აუცილებელი წინაპირობები განსაზღვრული არ არის. დამატებით, “შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა არ იძლევა რაიმე ზუსტ მითითებას სამედიცინო პროცედურების შესახებ“. შესაბამისად, „მკაფიო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს უტოვებს, რაც გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე განცხადების განხილვისას თვითნებური გადაწყვეტილების მიღების საფრთხეს ქმნის“.

სასამართლო სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

 

საფარი

9-თვიანი დამცავი ორდერი ცოლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის – “საფარის” საქმე

ცოლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მოძალადე კაცის მიმართ დამცავი ორდერი მაქსიმალური ვადით, 9 თვით გამოიცა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გასაჩივრდა, თუმცა “საფარის” მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მსხვერპლმა ქალმა საფარს მიმდინარე წლის ნოემბერში მიმართა. საქმეში ორგანიზაციის იურისტი, ნინო ანდრიაშვილი ჩაერთო, რომელმაც მოიძია და სასამართლოს წარუდგინა არაერთი მტკიცებულება – ტექსტური შეტყობინებები, აუდიო ჩანაწერები და ა.შ. აღნიშნული მტკიცებულებები და ქალის ჩვენება ამხელს როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთ ფაქტს.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

—-----------------------------

“კოალიცია თანასწორობისთვის” განაგრძობს თქვენთვის მუშაობას. შეგახსენებთ, რომ თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის მოგვმართეთ: 

კოალიციის ხაზი: 568 47 14 14

კოალიციის Facebook გვერდი



 

პუბლიკაციები

საქმეები