“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან.
გთავაზობთ ამა წლის აპრილის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მნიშვნელოვანი დავა მოიგო
სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის 2020 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, უკანონოდ სცნო. სასამართლომ გაიზიარა სოციალური სამართლიანობის ცენტრის არგუმენტაცია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევდა მალხაზ რეხვიაშვილის შრომით უფლებებს და მის გამოხატვის თავისუფლებას. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი კი - მის მიერ პირად სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები, სრულად დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით, არ არსებობდა ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები.
2020 წელის 11 მაისს მალხაზ რეხვიაშვილი გათავისუფლდა მაუწყებლის საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების წამყვან-რეპორტიორის თანამდებობიდან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ე.წ. პოსტის გამო, რომელიც ეხებოდა მისი კოლეგის, ამავე მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის ეთერიდან უსაფუძვლო ჩამოშორების ფაქტის კრიტიკულ შეფასებებს. მალხაზ რეხვიაშვილი, როგორც დამოუკიდებელი, კრიტიკული პროფესიონალი და ამავდროულად, მაუწყებლის თანამშრომელთა ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მაუწყებლის მხრიდან დევნას და საქმიანობაში უხეშ ჩარევას დაექვემდებარა.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. https://bit.ly/3VyrRZz
კავშირი „საფარი“
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მგზავრის გაუპატიურებისთვის ტაქსის მძღოლს 7 წელი მიუსაჯეს
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალის გაუპატიურებისთვის, ტაქსის მძღოლს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 აპრილს გამოაცხადა.
შემთხვევა 2022 წლის სექტემბერში მოხდა. დაზარალებული ქალი მეგობრებთან ერთად კლუბში იყო, სადაც ალკოჰოლი მიიღო. საქმის მასალებში დევს კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ გამოიყვანეს ქალი მეგობრებმა კლუბიდან და ჩასვეს ტაქსიში. ჩანაწერში გარკვევით ჩანს მანქანა და სანომრე ნიშნები. საქმეში დევს კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც უკვე ქალის საცხოვრებელ სახლთანაა გადაღებული. ამ ჩანაწერში ჩანს, როგორ გადმოდის ქალი მანქანიდან და შედის სადარბაზოში. ჩანაწერებს შორის შუალედი თითქმის 7 საათია.
იურისტი, ნელი ქარელი განმარტავს, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება – ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ქალი გაუპატიურების მსხვერპლია, თუმცა მის სხეულზე და ტანსაცმელზე ვერ აღმოაჩინეს კაცის ბიოლოგიური მასალა. ამის მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
იურისტი, ნელი ქარელი განმარტავს, რომ თანხმობა სქესობრივ ურთიერთობაზე უნდა იყოს ცხადი და ნამდვილი. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალი ვერ გასცემდა თანხმობას, რომელიც მისი ნების რეალური გამომხატველი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, შემთხვევა ჩაითვალა გაუპატიურებად დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
ცოლის განზრახ მკვლელობისთვის კაცს 18 წელი მიუსაჯეს
დამამძიმებელ გარემოებებში, ცოლის განზრახ მკვლელობისთვის თელავის რაიონულმა სასამართლომ კაცს 18 წელი მიუსაჯა.
შემთხვევა 2022 წლის ოქტომბერში მოხდა. მოკლული ქალის ოჯახის ინტერესებს „საფარის“ იურისტი, მარი ზურაბაშვილი იცავს. სწორედ ზურაბაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე ცნო როკურატურამ დაზარალებულად მოკლული ქალის არასრულწლოვანი შვილი.
აღსანიშნავია, რომ კაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს, თუმცა შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 19 აპრილს, მას განაჩენი იმავე მოსამართლემ გამოუტანა, რომელმაც 7 თვის წინ, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 11 წლის ბავშვის საქმეზე სამართალდარღვევა დაუდგინდა
ოდესაც 11 წლის ანას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იგი სასამართლო გადაწყვეტილებით, მშობლისგან განცალკევდა და სახელმწიფო ზრუნვაში გადავიდა.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, მანამდეც ამუშავებდა ანას პერსონალურ მონაცემებს, რადგან იგი რეინტეგრაციის პროგრამაში იყო.
ანამ სააგენტოს წერილი მიწერა და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ითხოვა. ბავშვმა ინფორმაციის გაგზავნა მისი ადვოკატის მისამართზე მოითხოვა. ანას უფლებებს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით სასამართლოში PHR-ი იცავს.
ზრუნვის სააგენტომ ანას მასალების არ გადასცა.
სააგენტოდან მიღებული უარის შემდეგ, ანამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა და მის მიმართ მასალების გადაცემაზე უარის კანონიერების შემოწმება მოითხოვა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, საქმის შესწავლის შემდეგ, ზრუნვის სააგენტო სამართალდამრღვევად ცნო.
გადაწყვეტილება: ანა გოგუაძის საქმემ პერსონალური ასისტენტის ახალი მომსახურება შექმნა
ანა ეტლით მოსარგებლეა. მას არ შეუძლია ეტლით დამოუკიდებლად გადაადგილება და თვითმოვლა. მაგალითად, ყოველდღიური საქმიანობების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმლის ჩაცმა, ეტლში გადაჯდომა, ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, სამსახურში წასვლა და სხვა.
ანას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ასევე, მისი ოჯახის წევრების სამედიცინო ცნობის თანახმად ანაზე ზრუნვა არავის შეეძლო და მას დამხმარე სჭირდებოდა.
PHR-მა 2022 წლის 18 ივლისს, ანასთვის პერსონალური ასისტენტის დანიშვნის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა დროებითი განჩინების გამოცემა.
PHR-ის მოთხოვნა საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართ შემდეგში მდგომარეობდა: ანასთვის 18 საათის განმავლობაში დაენიშნა ერთი ინდივიდუალური მზრუნველი პირი, რომელიც, თავის მხრივ, უნდა ყოფილიყო გადამზადებული საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის #634 დადგენილების შესაბამისად.
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი საქმის მასალებს დეტალურად გაეცნო და პრეცედენტული გადაწყვეტილება სამ დღეში მიიღო. 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით #PHR-ის მოთხოვნა სრულიად დააკმაყოფილა და უწყებებს უმოკლეს დროში გადაწყვეტილების აღსრულება დაავალა.
გადაწყვეტილება გასაჩივრდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება და ძალაშია შესული.