21 აგვისტო 2023 “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციების მიმდინარე წარმატებული საქმეები - ივლისი

“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან.

გთავაზობთ ამა წლის ივლისის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.

 

უფლებები საქართველო

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ეგვიპტელი ლტოლვილების მცირეწლოვანი შვილი ბინადრობის მოწმობას მიიღებს

უფლებები საქართველოსიურისტის, რუსუდან მჭედლიშვილის ძალისხმევით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ორი წლის ბავშვისთვის ლტოლვილის ბინადრობის მოწმობის გაცემა დაავალა.

ბავშვისთვის ბინადრობის მოწმობის გაცემაზე უარის საფუძველი ის იყო, რომ საქართველოს ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო მცირეწლოვანის ორი პერსონალური მონაცემის - მოქალაქეობისა და გვარის - დადგენა, რასაც თავის მხრივ, ობიექტური მიზეზები ჰქონდა. კერძოდ, ბავშვის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, მშობლებს უნდა მიემართათ ეგვიპტის საელჩოსთვის, თუმცა ასეთ შემთხვევაში ისინი ლტოლვილის სტატუსს დაკაგარგავდნენ. აქედან გამომდინარე, მშობლემა საელჩოს ვერ მიმართეს.

„უფლებები საქართველომ“ სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა თუმცა, საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

ორივე ადმინისტრაციული ორგანოს უარის შემდეგ კი, „უფლებები საქართველომ“ სარჩელი  თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. შედეგად, 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს  მცირეწლოვანი ბავშვის სახელზე ლტოლვილის ბინადრობის მოწმობის გაცემა დაევალა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ.  https://www.rights.ge/ka/new/193

 

ძალადობის მსხვერპლ ირანელ დედა-შვილს საქართველოში საერთაშორისო დაცვა მიენიჭათ

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-მა და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა  თბილისის სააპელაციო სასამართლოში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის წინააღმდეგ მიმდინარე დავა მოიგეს. შედეგად, მათ საქართველოში საერთაშორისო დაცვა (ლტოლვილის სტატუსი) მიენიჭათ.
 ირანში
ცხოვრების პერიოდში, თავშესაფრის მაძიებელი ქალის მეუღლე მასსა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. 

ოჯახი საქართველოში 2017 წელს ჩამოვიდა და ქალი აქ კიდევ ერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან. კაცი დააკავეს და მას 6 თვის ვადით პატიმრობა შეეფერადა. საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ კი, ის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაბრუნდა. დედა-შვილი საქართველოში დარჩა.

2020 წელს, შსს მიგრაციის დეპარტამენტმა ბენეფიციარებს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება, „უფლებები საქართველოს“ იურისტ ნინო ხეცაძის ძალისხმევით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაჩივრდა. 

2022 წლის ივნისში სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და შსს მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მაძიებლებისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭება დაავალა. ორგანომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი. შედეგად, 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით,  ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დედა-შვილს საერთაშორისო დაცვა მიენიჭათ. 

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. https://www.rights.ge/ka/new/191

 

8-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ირანელ ბლოგერს საქართველოში საერთაშორისო დაცვა მიენიჭა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჯ.გ-მ საქართველოში საერთაშორისო დაცვა (ლტოლვილის სტატუსი) მიიღო. შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის წინააღმდეგ, სასამართლოში დავა 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თავშესაფრის მაძიებელი ჯ.გ. ირანში ცხოვრების პერიოდში, სასწავლო ცენტრში მუშაობდა და მსურველებს ბლოგერობას ასწავლიდა. მას გამოცემული აქვს  2 წიგნი, რამდენიმე კონსპექტი და უამრავი სტატიის ავტორია. იგი ღიად საუბრობდა ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლებსა და მოძრაობებზე და ინტერვიუს აძლევდა ისეთ მედიებს, როგორიცაა BBC, VoA.

2009 წელს მას სასწავლო განყოფილება დაუხურეს. 2010 წელს კი უშიშროების სამსახურმა ანტი-ისლამურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დააბრალა და დააპატიმრა.

5 წლის განმავლობაში სომხეთში ცხოვრობდა. 2015 წლის სექტემბერში, ირანის ხელისუფლებასა და ისლამური რევოლუციის გვარდიასთან დაკავშირებულ პირთან უთანხმოების შემდეგ კი, საქართველოში ჩამოვიდა და თავშესაფარი მოითხოვა.
ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიიჩნია, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში, მას დაპატიმრებისა და სიკვდილით დასჯის საფრთხე დაემუქრებოდა და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე  2016 და 2021 წლებში ორჯერ უთხრა უარი.
 

შსს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება 2022 წელს კიდევ ერთხელ გასაჩივრდა და საბოლოოდ, „უფლებები საქართველოს“ იურისტ ნინო ხეცაძის ძალისხმევით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 30 ივნისს ირანელ ბლოგერს საერთაშორისო დაცვა მიანიჭა.

ამ საქმეზე მეტი იხ. https://www.rights.ge/ka/new/190

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

სასამართლომ, სოციალურ ქსელში ბავშვის დასაცავად პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო

2023 წლის 4 ივლისს, ალტ-ინფოს ერთ-ერთმა წევრმა, სოციალური პლატფორმის მეშვეობით, განათავსა დამონტაჟებული ვიდეო რგოლი. მასში გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და შეიცავდა ბავშვის მიმართ ძალადობის მოწოდებას, პირადი ცხოვრებისა და სხვა უფლებების დარღვევას.

ვიდეოს განთავსების შემდეგ, ძალადობის მოწოდება გავრცელდა როგორც ბავშვზე, ასევე დედაზე - რომლის ჟურნალისტური საქმიანობა ალტ-ინფოს მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ქვეშ მოექცა. ვიდეო რგოლს ჰქონდა უამრავი ნახვა და გაზიარება. დედა-შვილი ძალადობის სამიზნე გახდა.

მიუხედავად დედის მხრიდან პოლიციისადმი არაერთი მიმართვისა, მიეღოთ მყისიერი და ადეკვატური ზომები და დაეცვათ ბავშვი საჯარო აგრესიისა და შეურაცხყოფისგან, შსს-მ არ იმოქმედა კანონის შესაბამისად, რის შედეგადაც გაიზარდა ბავშვსა და დედაზე ძალადობის საფრთხე.

მოსამართლემ გაითვალისწინა PHR-ს ადვოკატების პოზიცია, რომ ბავშვის გამოსახულების გამოყენება ძალადობრივი შინაარსის ვიდეოში არღვევდა მის პირადი ცხოვრების და უსაფრთხოების უფლებას და ბავშვს აქცევდა ძალადობის სამიზნედ.

სასამართლომ დამცავი ორდერით მოძალადეს მიმართ დაადგინა შემდეგი:

  • აეკრძალოს ხ.ჯ.-ს (მოძალადე) ბავშვის (მსხვერპლის) გამოსახულების გამოყენება და გავრცელება
  • აეკრძალოს ხ.ჯ.-ს (მოძალადე), ყველა სახის მედია საშუალებების (მათ შორის - სოციალური მედიის) და სოციალური ქსელების გამოყენებით, ბავშვის (მსხვერპლი) შესახებ საუბარი.

მეტი ამ საქმეზე იხ. https://www.phr.ge/publication/news/618?lang=geo

 

გამოცდების ეროვნულ ცენტრს აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება დაევალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა #PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპშეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსდაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება.

მეტი ამ საქმეზე იხ.  https://www.facebook.com/PHR.HumanRights/posts/pfbid02EV9g7yqJQyhpHqUdJGzkX2BJrzw9UAJzg4shuyaAQk7n6yicwJ9dpyNHvzP9PYiLl

 

 

პუბლიკაციები

საქმეები