17 მაისი 2023 „კოალიცია თანასწორობისთვის“ წარმომადგენელი ნორვეგიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა

2023 წლის 25-27 აპრილს, ოსლოში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული სასწავლო ვიზიტი გაიმართა სახელწოდებით: „ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებაა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების, სტატისტიკურ მონაცემთა აღრიცხვისა და ანალიზის თაობაზე“. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას იღებდა „კოალიცია თანასწორობისთვის“ წარმომადგენელი, ქეთი ბახტაძე.

სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (აპლიკაცია №73235/12) აღსრულების ხელშეწყობა.

საქართველოს დელეგაციის მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროსთან, ნორვეგიის პოლიციის სამსახურის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დანაყოფთან, ნორვეგიის უზენაეს სასამართლოსთან, თანასწორობისა და ანტი-დისკრიმინაციის ომბუდსმენთან, ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტთან, ნორვეგიის სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების ორგანიზაციასთან, კულტურისა და თანასწორობის სამინისტროსთან.   

შეხვედრებზე მონაწილეებმა განიხილეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების, სტატისტიკურ მონაცემთა აღრიცხვისა და ანალიზის საკითხები; მიიღეს ინფორმაცია დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული სამოქმედო გეგმების თაობაზე; მონაწილეების ასევე გაეცნენ როგორც საკანონმდებლო რეგულირებას ნორვეგიაში, ასევე სამართალდამცავ უწყებებში შექმნილ ინსტიტუციურ მექანიზმებს. ასევე, მონაწილეებმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან ერთად განიხილეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულზე სასამართლო პრაქტიკა.  

ნორვეგიელმა კოლეგებმა სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს გააცნეს საზოგადოების სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების, მათ შორის ლგბტქი ადამიანების უფლებრივი თანასწორობის უზრუნველყოფისათვის შექმნილი სამთავრობო სამოქმედო გეგმები და პროექტები, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციის მექანიზმები და მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისები, რომელიც უზრუნველყოფილია სამართალდამცავ სისტემაში.

აღნიშნული ვიზიტი დაეხმარება საქართველოს დელეგაციის წევრებს გააძლიერონ ძალისხმევა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის როგორც გამოძიების, ისე სტატისტიკური აღრიცხვის მიმართულებით.

ვიზიტმა ხელი შეუწყო მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე არა მხოლოდ რეაგირება, არამედ ამ დანაშაულის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის არსებობა;

ვიზიტის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა სახით შეიძლება უწყებების საქმიანობაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და გაღრმავდეს თანამშრომლობა მათ შორის.

ევროპის საბჭო ძალისხმევას არ იშურებს, რომ ხელი შუწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს ვიზიტი სწორედ ამ თანმიმდევრული ღონისძიებების შედეგია.

საქართველოს დელეგაციიდან სასწავლო ვიზიტზე იმყოფებოდნენ:  შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ინსპექტორი, საქართველოს პროკურატურის ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის განყოფილების უფროსი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, „კოალიცია თანასწორობისთვის“ წარმომადგენელი, ქეთი ბახტაძე.

პუბლიკაციები

საქმეები