31 მარტი 2023 “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციების მიმდინარე წარმატებული საქმეები - მარტი

“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან.

 

გთავაზობთ ამა წლის მარტის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.

 

უფლებები საქართველო

სექსუალური შევიწროების ფაქტზე ამბროლაურის სასამართლომ კიდევ ერთი პირი ცნო სამართალდამრღვევად

„უფლებები საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე, ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ, სექსუალური შევიწროების ფაქტზე, პირი სამართალდამრღვევად ცნო და მას, ჯარიმის სახით, 300 ლარის გადახდა დააკისრა.

ადმინისტრაციული წარმოება 54 წლის მამაკაცის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ამბორალურში მცხოვრები ქალის საჯაროდ განთავსებული Facebook პოსტის ქვეშ დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი კომენტარები გამოაქვეყნა.

სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, როინ კახიძემ, სოციალურ ქსელ Facebook-ში სამართალდამრღვევის მიერ კონკრეტული ადრესატის საპასუხოდ განთავსებული დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები სექსუალური ხასიათის არასასურველ ქცევად მიიჩნია და შესაბამისი პირი ცნო სამართალდამრღვევად.

ამ საქმის შესახებ იხილეთ : https://www.rights.ge/ka/new/179

მოსარჩელეების ინტერესებს ევროსასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ახლანდელი „უფლებები საქართველო“ წარმოადგენდა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 7 მარტს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია 2001 წელს - ლევან მამასახლისისათვის და 2003 წელს - გრიგოლ ნანავასთვის აფხაზეთში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასათანადო მოპყრობისათვის. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ორივე ქართველის მიმართ დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება

აღნიშნული გადაწყვეტილება არის პირველი, რომელშიც ევროსასამართლომ აღიარა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 2008 წლამდე ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

სტრასბურგის სასამართლომ მამასახლისისა და ნანავას უფლებების დარღვევისათვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა იმ საფუძვლით, რომ მოსკოვი, სოხუმისთვის გაწეული სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, აფხაზეთზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა. იმავე საფუძვლით, ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ უფლებების დარღვევის ფაქტი ვერ დაადგინა და განმარტა, რომ აფხაზეთზე ეფექტური კონტროლის არქონის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა  მამასახლისისა და ნანავას მიმართ ევროკონვენციით გარანტირებული უფლებების დასაცავად.

ამ საქმის შესახებ იხილეთ : https://www.rights.ge/ka/new/178

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

PHR - მა ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დავა მოუგო

ნინოს* ჯანმრთელობის მდგომარეობა მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო გაუუარესდა. ის ჯერ კიდევ სამშობიაროში ითხოვდა დროულ სამედიცინო დახმარებას, თუმცა, მკურნალი ექიმი პაციენტს სახლში გაწერასა და მკურნალობის შინ გაგრძელებას სთავაზობდა და ეუბნებოდა, რომ „გართულებები თავისით ალაგდება“. მხოლოდ ნინოს უარის შემდეგ მოიწვია სამშობიარომ სპეციალიზებული ექიმი სხვა კლინიკიდან საკონსულტაციოდ. შემდეგ დღესვე კი ის სამშობიაროდან გაწერეს სხვა საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად.

სამშობიაროს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ნინოს მდგომარეობა სამშობიაროდან გაწერის დროს დამაკმაყოფილებელი იყო.  მაგრამ, სპეციალიზებულმა კლინიკამ ნინოს მდგომარეობა (გაუსაძლისი ტკივილი და მაღალი ტემპერატურა) მწვავედ შეაფასა. მის გამოსაჯანმრთელებლად ოპერაციული ჩარევა აუცილებელი გახდა.

ვინაიდან, ნინოს, მშობიარობის გართულებების შემდგომ პერიოდში არ გაუწიეს სათანადო დახმარება სამშობიაროში, მან საჩივრით სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა. რეგულირების სააგენტომ ნინოს სამედიცინო დოკუმენტაცია შესაფასებლად ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმ-სპეციალისტებს მიმართა დასკვნის მომზადების მოთხოვნით.  პროფესიული განვითარების საბჭომ საქმის ყოველმხრივ შესწავლის და ნინოს მონაწილეობის გარეშე იმსჯელა და მკურნალ ექიმს არ დააკისრა დისციპლინური სახდელი.

PHR-ის დახმარებით ნინომ სასამართლოს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტების ალტერნატიული დასკვნები  არ არსებობდა (რადგან ყველა პროფესიულმა ასოციაციამ უარი თქვა), სასამართლომ, საქმეში არსებული სამედიცინო ისტორიის, ახსნა-განმარტების და დასაბუთების შედეგად ნინოს სასარგებლო მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლომ უკანონოდ ცნო პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება და საკითხის ხელახალი და სრულყოფილი შესწავლა, ამჯერად პაციენტის მონაწილეობით, დაავალა. (მოსამართლე ლელა მილდენბერგერი)

ამ საქმის შესახებ იხილეთ: https://www.phr.ge/publication/news/577?lang=geo

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სასამართლომ მოქალაქეები პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში გაამართლა

2023 წლის 17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 20 ნოემბერს დაკავებულები, დავით ნარსავიძე და ირაკლი კვეკვესკირი გამართლდნენ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, წვრილმანი ხულიგნობისთვის კი სახდელი არ დაეკისრათ და სასამართლო მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. მათ ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.

სასამართლოში პროცესების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ პოლიციელები უფლებამოსილებას სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე ახორციელებდნენ. მათ არც დაკავების ეპიზოდში წარუდგინეს თავი მოქალაქეებს. შესაბამისად, დაკავებული მოქალაქეებისთვის იდენტიფიცირებადი არ იყო პოლიციელთა ვინაობა. სასამართლო განხილვებზე აგრეთვე გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავები განზრახ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს, მათი ჩვენებები იყო ხშირ შემთხვევაში ურთიერთ წინააღმდეგობრივი და არ ასახავდა რეალობას

ამ საქმის შესახებ იხილეთ: https://socialjustice.org.ge/ka/products/sasamartlom-mokalakeebi-politsiis-kanonieri-motkhovnisadmi-daumorchileblobashi-gaamartla

პუბლიკაციები

საქმეები