“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან.
გთავაზობთ ამა წლის ნოემბრის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
WISG-მა GYLA-სთან და EHRAC-თან ერთად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ანგარიში წარუდგინა
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) და ადამიანის უფლებების ადვოკატირების ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს იდენტობას ჯგუფის საქმეებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში მოიცავს ინფორმაციას აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეების ეროვნულ დონეზე აღსრულების პროგრესის შესახებ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი წარდგენის დრომდე, საქართველოს მთავრობას არ განუახლებია სამოქმედო გეგმა ან ანგარიში აღნიშნული ჯგუფის საქმეებთან დაკავშირებით.
აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი წარდგენის დრომდე, ადგილობრივ დონეზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირების წარმომადგენლებს არ მიუღიათ პასუხი მოთხოვნაზე, გამოძიებას მოეცვა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარა), 156-ე (დევნა)და 1441 (წამება) მუხლები. გამოძიების ფარგლებში დაიკითხა ყველა მოწმე, თუმცა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების ფარგლების გაფარ`ების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.
მოსარჩელე დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის პოზიციაზე. იგი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. ერთ დღესაც მისი მხრიდან განხორციელებული ქმედებები არ აღმოჩნდა მისი უშუალო ხელმძღვანელისთვის მისაღები. შედეგად, ნაცვლად სამსახურებრივი შემოწმების დაწყების მოთხოვნით გენერალური ინსპექციისთვის მიმართვისა, მან მიიღო თვითნებური გადაწყვეტილება და დასაქმებულს მოსთხოვა სამსახურებრივი იარაღის ჩაბარება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული ცხადდებოდა სამსახურში, მისი ხელმძღვანელი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ აძლევდა საშუალებას განეხორციელებინა მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობები.
საბოლოოდ, უწყებამ ყოველგვარი დასაბუთებისა და საფუძვლის გარეშე მხოლოდ ხელმძღვანელი პირის პირადი შეხედულებების გამო მოსარჩელე სხვა განყოფილებაში გადაიყვანა. ამასთან, მის წინააღმდეგ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასაქმებულმა უკანონო სამსახურებრივი გადაადგილების გამო თავად მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, მას გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ამასთან, გამოიკვეთა მისი უშუალო ხელმძღვანელის თვითნებური მოქმედების ფაქტიც.
დასაქმებულმა საიას დახმარებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:
-
მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა და სხვა განყოფილებაში გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ განყოფილებაში დაბრუნება;
-
„დისციპლინური წესით დასჯის შესახებ“ ბრძანების ბათილად ცნობა;
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, მისი ხელმძღვანელი პირების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის მოქმედება, პირადი წყენისა და ბრაზის საფუძველზე დასაქმებულისთვის შეეზღუდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა წარმოადგენდა მის ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პოლიციელებთან დაუსაბუთებელ და განსხვავებულ მოპყრობას კანონიერი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, სახეზე იყო დისკრიმინაციული მოპყრობა და სწორედ ეს დაედო საფუძვლად სამსახურებრივ გადაადგილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა (მოსამართლე დავით წერეთელი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და დააკისრა მას მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლომ სამსახურებრივი გადაადგილება მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა პირვანდელ პოზიციაზე აღდგენასთან დაკავშირებით.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.
საიამ მინისტრთა კომიტეტს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ორ ჯგუფზე მოსაზრებები წარადგინა. კერძოდ:
იდენტობის ჯგუფის საქმეები: საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრსა (EHRAC) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან (WISG) ერთად კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების თაობაზე, რომელიც შეეხება ლგბტ+ აქტივისტებისა და იეჰოვას მოწმეების მიმართ ფიზიკური პირებისგან მომდინარე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან არასათანადო დაცვას. კერძოდ, შეკრებებისა თუ მარშების მიმდინარეობისას, ფიზიკურმა პირებმა ლგბტ+ პირებსა და იეჰოვას მოწმეებზე სასტიკი თავდასხმები განახორციელეს, რასთან დაკავშირებითაც, სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, არ გამოკვეთა განხორციელებული ქმედების დისკრიმინაციული მოტივი. ამ ჯგუფის საქმეების აღსრულების თვალსაზრისით ისევ რჩება მთელი რიგი გამოწვევები. კომიტეტს, ასევე, ეცნობა 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ. ხაზგასასმელია, რომ წინამდებარე ჯგუფის საქმეების აღსასრულებლად სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც მას მინისტრთა კომიტეტის წინაშე აქვს, კერძოდ, არ შეუქმნია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფი.
თხელიძის ჯგუფის საქმეები: საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრი (EHRAC), საფარი და საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ერთად კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია იმ ღონისძიებების აღსრულების შესახებ, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და სამართალდამცავი ორგანოების ქმედითობის გასაძლიერებლად. ამ კომუნიკაციაში ყურადღება გამახვილებულია, როგორც ინდივიდუალური, ისე, ზოგადი ღონისძიებების აღსრულებაზე, კერძოდ, 4 მიმართულებით: სამართალდამცავთა მიერ მსხვერპლის ჩვენების სათანადო/ზუსტი აღება; სამართალდამცავთა მიერ რისკის შეფასებასთან დაკავშირებული გამოწვევები; ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების ეფექტიანი გამოყენება, დაბოლოს, წარდგენილია სტატისტიკური მონაცემები ფემიციდის შემთხვევებზე საქართველოში.
აღნიშნული ჯგუფის საქმეებს მინისტრთა კომიტეტი 2022 წლის 6-8 დეკემბრის პერიოდში განიხილავს.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.
თანასწორობის მოძრაობა
დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვანს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა
2022 წლის 6 ნოემბერს 17 წლის არასრულწლოვანს ლ.ა-ს თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცნობი პირი თავს დაესხა. თავდამსხმელმა ლ.ა-ს ჩაცმულობის გამო სიტყვიერი, ხოლო შემდგომში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ძალადობის შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილითა (არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობა) და 151-ე (მუქარა) მუხლებით. 2022 წლის 9 ნოემბერს პოლიციამ ბრალდებული დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ლ.ა-ს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, საქმეში გამოიკვეთა ჰომოფობიური შეუწყნარებლობის მოტივი. “თანასწორობის მოძრაობა” ლ.ა-ს სამართლებრივ ინტერესებს სამართალწარმოების ყველა ეტაპზე იცავს.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძის განაცხადი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
3 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგში წარდგენილ საჩივარში გიორგი მამალაძე ითხოვდა მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის აღიარებას სამ ასპექტში, კერძოდ, მტკიცებულებების უტყუარობის, პროცესის საჯაროობისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებთან მიმართებით. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მამალაძის განაცხადი მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის საჯაროობისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპების დარღვევის ნაწილში. თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების ნაწილში.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქმეზე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ანგარიში ამ წელსაც წარუდგინა
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. როგორც ცნობილია, საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მინისტრთა კომიტეტს ჯერ არ დაუხურავს და ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოში ლგბტ პირთა უფლებრივ მდგომარეობას.
წარდგენილ ანგარიშში სოციალური სამართლიანობის ცენტრი კრიტიკულად მიმოიხილავს უკანასკნელ პერიოდში ლგბტ თემის მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე სახელმწიფოს რეაგირებას, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებებს და იმ ინსტიტუციურ ხარვეზებს, რომლებიც აფერხებს ქვეყანაში ლგბტ პირთა უფლებების დაცვას.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფი უწყებები ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენენ ულტრა-მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ მიმართ და მათ მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები არასათანადოდ არის გამოძიებული. 2021-2022 წლებში არაერთი მძიმე ძალადობრივი ქმედების მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ არ უზრუნველყვეს ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელ ორგანიზატორთა გამოვლენა და დასჯა. ჩვენი შეფასებით, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ ჩადენილი ძალადობის საქმეებზე არაეფექტიანია სასამართლოს რეაგირებაც. უმეტეს შემთხვევაში ბრალდებული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო და სასამართლო მინიმალური სასჯელის დაკისრებით შემოიფარგლება.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.
უფლებები საქართველო
„უფლებები საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე სასამართლომ სექსუალური შევიწროების ფაქტზე პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო
ეთერ არსანიძის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში საჯაროდ განთავსებულ პოსტს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდგომ, სამართალდამრღვევი Facebook პოსტის ავტორის სამსახურთან მივიდა. ის კარებზე ბრახუნით და ხმამაღალი, აგრესიული ტონით აგრძელებდა ეთერ არსანიძის მიერ დაწერილი პოსტის გამო უკმაყოფილების გამოხატვას.
„უფლებები საქართველოს“ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრმა სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოს მიმართა, რომელმაც დააკმაყოფილა მოთხოვნა და შეადგინა შესაბამისი ოქმი.
ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ Facebook-ში ღირსების შემლახველი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კომენტარები, ეთერ არსანიძის სამუშაო ადგილთან მისვლა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვა სექსუალური ხასიათის არასასურველ ქცევად მიიჩნია.
სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად მიიჩნია, პირი ცნო სამართალდამრღვევად და სახდელის სახით ჯარიმა, 300 ლარის ოდენობით, განუსაზღვრა.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”
სახალხო დამცველმა ლაშა ჩხვიმიანის საქმეზე ზოგადი წინადადება მიიღო
სახალხო დამცველმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა და მოუწოდა დისკრიმინაციის წამახალისებელი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად შეცვალოს სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულება, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება - კონკურსის გარეშე ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში გამოიყენოს.
საქმე ეხება პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსის სამი მონაწილის, მათ შორის ლაშა ჩხვიმიანის განცხადებას, რომელიც განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის თაობაზე დაობდა.
ლაშა ჩხვიმიანი 4 წლის განმავლობაში იყო სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მან სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ამისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა. კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი - ლაშა ჩხვიმიანი მონაწილეობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ჩხვიმიანის საქმიანობას დადებითად აფასებდნენ სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრები, თეა წულუკიანმა, 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით ზემოაღნიშნული კონკურსი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა, დმანისის სამხატვრო ხელმძღვანელად კი იმავე დღეს დანიშნა პირი, რომელიც არ მონაწილეობდა შესარჩევ კონკურსში.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.
GDI-ს წარმატებული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე სოსო ღურწკაიამ “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) წინააღმდეგ გიორგი ლომიძის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საქმე ეხება გიორგი ლომიძის სარჩელს, რომლითაც მოსარჩელემ სადავოდ გახადა FactCheck.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში გავრცელებული ცნობები. სტატიაში მითითებული იყო, რომ გიორგი ლომიძის ვიდეომიმართვა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ წყალბადის ზეჟანგის (პერეკისის) გამოყენებასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციას შეიცავდა. მოსარჩელე ითხოვდა ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 3 მილიონი ლარის ოდენობით.
მისასალმებელია სასამართლოს პოზიცია, რომლითაც ის დაეთანხმა “საქართველოს რეფორმების ასოციაციას“ და მიიჩნია, რომ გაკეთებული განცხადებებით არ შელახულა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, შესაბამისად, არ დააკმაყოფილა სარჩელი.
ამის პარალელურად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც GRASS-ის მიერ შეტანილი შეგებებული სარჩელი, რომლითაც ორგანიზაცია ითხოვდა აშკარად უსაფუძვლო სარჩელის გამო ფულად ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლოს მოპასუხის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელის საფუძველზე უნდა ემსჯელა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, რომელშიც მითითებულია, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება.”
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ცნობები არ ეხებოდა მოსარჩელეს, არამედ სადავო სტატიაში საუბარი იყო წყალბადის ზეჟანგის თვისებებსა და მისი დალევის შემთხვევაში ჯანმრთელობისათვის სახიფათო შედეგებზე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სარჩელის უსაფუძვლოობასთან დაკავშირებით.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.
საფარი
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც მეგობარ ქალს ფულს სძალავდა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა.
დაზარალებულმა ქალმა “საფარს” 28 ოქტომბერს მიმართა. ჩვენი ჩართულობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო. კაცი 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე და 181-ე მუხლებით წარედგინა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფასა და გამოძალვას გულისხმობს.
2 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.
—-----------------------------
“კოალიცია თანასწორობისთვის” განაგრძობს თქვენთვის მუშაობას. შეგახსენებთ, რომ თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის მოგვმართეთ:
კოალიციის ხაზი: 568 47 14 14
კოალიციის Facebook გვერდი