კოალიცია ეხმიანება ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს
17 მაისი (IDAHOT) ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოში ლგბტქი ადამიანების საჯარო სივრცეში შეკრებისა და მანისფესტაციის დღედ იქცა და წლიდან წლამდე სახელმწიფო ჰომოფობიის მანიფესტირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. 2020 წელს კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანების ყოვედღიური ყოფის სიმძიმე და სახელმწიფოს მხრიდან თემის წევრების რეალური საჭიროებების უგულებელყოფა.
17 მაისის საჯარო სივრცეში აღნიშვნის მცდელობები აჩვენებს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობასთან ერთად, საქართველოში მცხოვრებ ლგბტქი აქტივისტებს, სათემო ოეგანიზაციებსა თუ მხარდამჭერებს არ ეძლევათ საშუალება თემის წინაშე არსებულ რეალურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მიაპყრონ საზოგადოების ყურადღება. ამის მიზეზი პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა და ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურებაა, რომლებიც თავის მხრივ, მხარდაჭერილია სახელისუფლებო ორგანოების თუ საპატრიარქოს მხრიდან.
IDAHOT-ის მოახლოებას სხვადასხვა წლებში თან სდევდა ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილის ენა, რომელიც სამთავრობო თუ საპარლამენტო ტრიბუნებიდან ისმოდა. გარდა ამისა, ცალკეული მედია საშუალებების მიერ მომზადებული პროდუქტები პირდაპირ ახალისებდნენ სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციას და ხელს უწყობდნენ ლგბტქი ადამიანების მიმართ საზოგადოებაში ისედაც მყარად ფესვგადმული სტიგმის გაძლიერებას.
17 მაისი სხვადასხვა ქვეყანაში ლგბტქი თემის საჯარო სივრცეში შეკრებასა და მანიფესტაციასთან ერთად, თემის წინაშე არსებული სხვადასხვა საჭიროებების შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გასავრცელებლად არის მონიშნული. საქართველოში ლგბტქი სათემო და თემთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები წლიდან წლამდე ცდილობდნენ 17 მაისისთვის შეეძინათ მეტი შინაარსი და ეს დღე ექციათ თემის წინაშე არსებული გამოწვევების საილუსტრაციო დღედ. თუმცაღა მთელი რიგი წინააღმდეგობის პირობებში, ეს ვერ მოხერხდა და IDAHOT რჩება სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან ჰომოფობიის მენიფესტაციის დღედ.
2020 წლის 1 მაისს, კოალიცია უკვე გამოეხმაურა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩენილ ლგბტქი თემის საჭიროებებს და მოუწოდა სახელმწიფოს, რომ „დაიწყოს გამჭვირვალე პროცესი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც სისტემურად უპასუხებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევებს და მიმართული იქნება გაძლიერებისა და თანასწორობისკენ, როგორც პოსტ-კრიზისის პერიოდში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში“.[1]
ლგბტქი თემის წინაშე არსებული მთელი რიგი გამოწვევები, მათ შორის დისკრიმინაციის კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებისთვის მიმართვიანობის შემთხვევების სიმცირე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთათვის დაცვისა და დახმარების სერვისების არარსებობა, ოჯახში ძალადობისა და ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევების აღრიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზები, სამოქალაქო პარტნიორობისა და გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო დონეზე დაურეგულირებლობა, ტრანსი ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების უგულებელყოფა, განათლების სისტემაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხების არარსებობა სრულიად უგულებელყოფილია სახელმწიფოს მხრიდან. ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში (2018-2020 წლები)[2] ზემოაღნიშნული საკითხები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. 2020 წელს დამტკიცდა გეგმის მე-15 თავი, რომელიც არ პასუხობს თემის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს სახელმწიფოს:
- უზრუნველყოს სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხების ინტეგრირება ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტში და გაატაროს ერთიანი პოლიტიკა ლგბტქი ადამიანების თანასწორობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით;
- ლგბტქი აქტივისტებთან, სათემო თუ მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავოს ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგია და განახორციელოს მთელი რიგი ამოცანები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან დაცვის, საჯარო სივრცეში თავისუფლებად შეკრების და სხვა მიმართულებით.