დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ნიშნით, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ქმედება შეიძლება ჩაითვალოს დისკიმინაციად და როდის ან როგორ გამოვიყენოთ კანონი საკუთარი თავისა და გარშემომყოფი ადამიანების ჩაგვრისგან დასაცავად.
საქართველოში კანონით აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, თუმცა უთანასწორო მოპყრობას ყოველდღიურად ვაწყდებით. უფრო მეტიც, ხშირად გვიჭირს დავარქვათ დისკრიმინაციას სახელი და სათანადოდ შევაფასოთ იგი.
რა არის დისკრიმინაცია?
ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც რომელიმე ნიშნის ან ჯგუფისადმი კუთვნილების გამო გაუმართლებლად არღვევს ადამიანებს შორის თანასწორობას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ითვლება დისკრიმინაციად. ყველა ადმიანი თანასწორია და ყველას აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული უფლებებით.
რა ნიშნით შეიძლება მოხდეს დისკრიმინაცია?
მაგალითად, თუ:
- რელიგიის გამო არ მოგცეს ლოცვის უფლება
- კანის ფერის გამო არ შეგიშვეს რესტორანში
- სექსუალური ორიენტაციის გამო არ მოგემსახურა ექიმი
- ორსულობის გამო აღარ გაგიგრძელეს კონტრაქტი სამსახურში
- ეტლით მოსარგებლე ხარ და ვერ ახერხებ შენობაში შესვლას
- რასობრივი კუთვნილების გამო არ მოგაქირავეს ფართი
- შენი პოლიტიკური შეხედულებების გამო პოლიციამ უარი გითხრა დახმარებაზე
- იმის გამო, რომ ქალი ხარ, ნაკლებ ხელფასს გიხდიან
- და სხვა
ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, დისკრიმინაცია ბევრი სხვადასხვა ნიშნით ყველგან შეიძლება მოხდეს.
რა მექნიზმები მიცავს?
2014 წლის მაისში ამოქმედდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა.
თუ თავს მიიჩნევ დისკრიმინაციის მსხვერპლად უფლება გაქვს მიმართო საქართველოს სახალხო დამცველს ან/და სასამართლოს.
დისკრიმინაციის მსხვერპლმა სახალხო დამცველს ან სასამართლოს უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები დისკრიმინაციის შესახებ. ამის შემდეგ, უკვე მოპასუხე იქნება ვალდებული დაამტკიცოს, რომ დისკრიმინაცია არ მომხდარა.
რისი მოთხოვნის ულება მაქვს მე, როგორც დისკრიმინაციის მსხვერპლს?
უფლება მაქვს მოვითხოვო:
- დისკრიმინაციული მოპყრობის აღკვეთა
- იმ პირობებში აღდგენა, რაც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელებამდე არსებობდა
- დისკრიმინაციის შედეგად დამდგარი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებია
ვის მივმართო დახმარებისთვის?
„კოალიცია თანასწორობისთვის“ 10 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანებაა, რომელიც 2014 წლიდან უწევს სამართლებრივ დახმარებას დისკრიმინაციის მსხვერპლებს. კოალიციაში შემავალი თითოეული ორგანიზაცია მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის აღსრულების მექანიზმები.
თუ მიგაჩნია, რომ გახდი უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლი ან თუ გსურს გაარკვიო რამდენად წარმოადგენს კონკრეტული ქმედება დისკრიმინაციას, მოგვმართე „კოალიცია თანასწორობისთვის ცხელ ხაზზე 568 471414. კვალიფიციური იურისტები გაგიწევენ უფასო სამართლებრივ დახმარებას, მოგიმზადებენ დოკუმენტებს და დაიცავენ შენს ინტერესებს საქართელოს სახალხო დამცველთან და სასამართლოში.