31 მაისი 2019 „კოალიცია თანასწორობისთვის“ მიმართვა საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტორს

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება 2019 წლის 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორებთან გამართული შეხვედრის შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ორგანიზატორთა “მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია” და “ჯგუფს შეეთავაზა გამოხატვის სხვა შესალებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის”. “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორთა განმარტებით, სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ შესთავაზეს შეკრება “დახურულ სივრცეში, რაშიც საკლუბო სცენა ან სტადიონი მოიაზრებოდა”.

გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა მოიცავს მშვიდობიან შეკრებას და მანიფესტაციას საჯარო სივრცეში და მონაწილე პირთა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ დროულად და ადეკვატურად უზრუნველყოს შესაძლო ძალადობისგან სათანადო დაცვა.

კოალიცია ვერ გაიზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომ “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორთა გამოხატვის თავისუფლებით უზრუნველყოფას წარმოადგენს შეკრების უფლებით სარგებლობა დახურულ სივრცეში. “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორთა განმარტებით, ღირსების მარში, რომელიც დაგეგმილია კვირეულის ფარგლებში წარმოადგენს მანიფესტაციას, რაც გულისხმობს “მოქალაქეთა დემონსტრაციას, მასობრივ საჯარო გამოსვლას, ქუჩაში მსვლელობას სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობას პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით”.[1] შიდასახელმწიფოებრივ სახელისუფლებო ორგანოებს მშვიდობიანი დემონსტრაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებების არჩევისას აქვთ შეფასების გარკვეული დისკრეცია, თუმცა ეს არ უნდა გამოიხატოს მანიფესტაციის ჩატარების ხელშეშლასა და აკრძალვაში.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ერთგვაროვანია. პრეცედენტულ საქმეში Alekseyev v. Russia, სასამართლო აღნიშნავს, რომ „დემონსტრაციისას ოპოზიციურ ჯგუფებს შორის დაძაბულობისა და სიძულვილის წარმოშობის ყოველი შესაძლებლობა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს რომ წარმოადგენდეს, საზოგადოება მოკლებული იქნებოდა განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობას, რომელიც შესაძლოა არ იყოს თანხვედრაში უმრავლესობის აზრთან“[2]. სახელმწიფომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ უნდა დააფუძნოს „მორალის“ არგუმენტებს, არამედ პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს გამოხატვის თავისუფლების სრულ რეალიზაციას, ისეთ შემთხვევაშიც კი თუ გამოხატვის შინაარსი სადავოა და უმრავლესობის მიერ ნეგატიურად აღქმული.[3]

ლგბტქი სათემო ორგანიზაციები მუდმივად მიუთითებენ, რომ სახელმწიფო არ აღიარებს ჰომო/ბი/ტრანსფობიას, როგორც სისტემურ პრობლემას და არ ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას მის აღმოსაფხვრელად. ამ ფონზე შემაშფოთებლად იზრდება ულტრაკონსერვატული პოპულისტური ჯგუფების მობილიზება საჯარო თუ ონლაინ სივრცეში. ქვეყანაში ჰომო/ბი/ტრანსფობიის მაღალი დონის გათვალისწინებით, ლგბტქი თემის ნაწილი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე უარს ამბობს 17 მაისის (IDAHOT) საჯარო სივრცეში მანიფესტაციის ფორმით აღნიშვნაზე[4] და ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციის დაცვის ერთჯერადი აქტებით სახელმწიფო მხოლოდ ფასადურად ნიღბავს ფუნდამენტურ პრობლემებს, რომლებსაც ლგბტქი ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ყოველდღიურად აწყდებიან.

 


 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კოალიცია თანასწორობისთვის“ და მასში შემავალი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • სათანადოდ უზრუნველყოს “თბილისის პრაიდის” კვირეულში დაგეგმილი ღირსების მარშის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა საჯარო სივრცეში;
  • მიიღოს ადეკვატური ზომები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნევლსაყოფად.

საპარლამენტო და აღმასრულებელ ხელისუფლებას:

  • საჯარო განცხადებებით ხელი შეუწყონ თანასწორობის იდეის განუხრელ დაცვას და დაგმონ ჰომო/ბი/ტრანსფობიური ძალადობა, დისკრიმინაცია და გამოხატვა, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ნებისმიერი არაკანონიერი ჩარევა.
  • ხელი შეუწყოს სექსუალურ ორიენტაციას და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების დეპოლიტიზებას და მის ადამიანის უფლებათა ჭრილში განხილვას;
  • საზოგადოებაში სოლიდარობისა და თანასწორობის იდეების გაძლიერების მიზნით, უზრუნველყოს საგანმანათლებლო პოლიტიკის ცვლილება და საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება ინტერსექტორული მიდგომითა და მულტიდისციპლინარული ხედვით.

 


[1] საქართველოს კანონი “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”, მუხლი 3 (ბ).

[2] ECHR, Case of Alekseyev V. Russia, (Applications nos. 4916/07, 25924/08 and 14599/09), 21 October 2010, პარა. 77, იხ: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-101257

[3] იქვე; ასევე იხილეთ, Bączkowski and Others v. Poland, Application No. 1543/06, judgment of 3 May 2007, იხ: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-80464

[4] WISG-ის განცხადება 17 მაისის შესახებ: https://women.ge/ka/news/newsfeed/237/?fbclid=IwAR24kARdjPfq0k30QVTDsBM52HKaNLO6gorokIS_fVdtTNGmiAbq8r04f9c

 

“კოალიცია თანასწორობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა.

კოალიციის წევრები არიან:

  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • კავშირი საფარი;
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

პუბლიკაციები

საქმეები