- რასისა და კანის ფერის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით. რასა და კანის ფერი, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი საფუძველი, გათვალისწინებულია დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის პირველ მუხლში. „კოალიცია თანასწორობისთვის“ მუშაობს რასობრივი დისკრიმინაციის სააქმეებზე, მათ შორის ერთ-ერთია „მ.ჩ. თბილისის #130 საჯარო სკოლის წინააღმდეგ“, რომელიც ორგანიზაცია „საფარმა“ მოამზადა.
2016 წელს 130-ე სკოლის მეათე კლასის მოსწავლე მ.ჩ. -მ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმე რასობრივი კუთვნილების გამო შევიწროებას ეხებოდა. მ.ჩ ხშირად ხდებოდა რასობრივი ნიშნით შევიწროების მსხვერპლი სხვა მოსაწავლეების მხრიდან. კლასელმა მას „ზანგო“ დაუძახა. ამის შესახებ იცოდა მ.ჩ-ს დამრიგებელმა. მას ჰქონდა კლასელების შერიგების მცდელობა, თუმცა უშედეგო, დამრიგებელმა არ აუხსნა მოსწავლეებს რასიზმის და მისი მავნებლობის შესახებ.
თანასკოლელები, წლების მანძილზე, ხშრად იყენებდნენ მ.ჩ-ს მიმართ რასისტულ ტერმინებს. იყო შემთხვევა, როდესაც კონფლიქტის დროს კლასელმა მ.ჩ-ს მიმართა: “წადი შენს აფრიკაში, შენი ადგილი ცივილიზაციაში არ არის“. კონფლიქტს შეესწრო ერთ-ერთი მასწავლებელიც, თუმცა მან, კონფლიქტის მოგვარების ნაცვლად, ორივე მოსწავლე კლასიდან გაუშვა. სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს რასისტულ შევიწროების ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ, რამაც მ.ჩ. აიძულა, სკოლიდან გადასულიყო. მისთვის ასეთ მტრულ გარემოში სწავლა შეუძლებელი გახდა.
მოსწავლის დედამ ახსნა-განმარტებები მოითხოვა, პასუხად კი სკოლის ადმინისტრაციამ აქცენტი მ.ჩ-ს აკადემიურ მოსწრებაზე გააკეთა და მომხდარის შესახებ საკუთარი პასუხისმგებლობა არ დაადასტურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში მითითებულია, რომ არასრულწლოვანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია დისკრიმინაციულ გარემოში ცხოვრება, როდესაც რასობრივი ნიშნით, ასევე, კანის ფერის გამო იგი ხდება ჩაგვრის ობიექტი. ამ შემთხვევაში დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპი. მოსწავლეს ხელი შეეშალა სრულფასოვანი განათლების მიღებაშიც.
მოსარჩელე მხარემ სასამართლოსაგან დისკრიმინაციული ქმედების (უმოქმედობის) აღმოფხვრა და, მორალური ზიანის სანაცვლოდ, 5000 ლარის გადახდა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. საკუთარი გადაწყვეტილება კი ასე განმარტა: „მ.ჩ. გაკვეთილის მსვლელობას ხელს უშლიდა და თანაკლასელმა მას "წადი აფრიკაში“ მისი საქციელის გამო უთხრა, რადგანაც, ახალგაზრდების აზრით, აფრიკის კონტინენტზე ცხოვრობენ პირველყოფილი ადამიანები. ვინაიდან მოსარჩელე მხარე გაკვეთილზე ხმაურობდა და მასწავლებელმა მისი გაჩუმება ვერ შეძლო, თანაკლასელმა მ.ჩ-ს საწყენად უთხრა, „წადი აფრიკაშიო“, თუმცა, აღნიშნული რასობრივი შეურაცხყოფის მნიშვნელობით არ უთქვამს. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული სიტყვები თანაკლასელმა მოსარჩელეს უთხრა მისი ხმამაღალი საუბრის, მასწავლებლის შენიშვნების უგულებელყოფის გამო. თანაკლასელმა დაიჭირა სხვა კლასელების და მასწავლებლის მხარე, ხოლო მ.ჩ-მ მის მიმართ გამოთქვა არაკორექტული შენიშვნები.“
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სკოლამ ინციდენტთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს აუდიტის დასკვნის საფუძველზე, გაატარა შემდეგი ღონისძიებები: მოსწავლე ს.ქ-ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი - შენიშვნა; მ.ჩ-ს მიმართ, სკოლის შეცვლის გამო, დისციპლინური სახდელი ვერ განხორციელდა; საყვედური გამოეცხადა სკოლის დარაჯს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, კლასის დამრიგებელს; ქიმიის მასწავლებელს მიეცა შენიშვნა. სკოლაში გატარდა ინფორმაციული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
სასამართლოს აზრით, სკოლის მხარემ დაამტკიცა, რომ მას არ განუხორციელებია დისკრიმინაცია, ხოლო მოსარჩელემ ვერ წარმოედგინა ის მტკიცებულებები, რომელიც დისკრიმინაციის განხორციელების ვარაუდს შექმნიდა.
მოსარჩელე მხარემ ბრძოლა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააგრძელა და გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 2018 წლის 14 ივნისს სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვის შემდეგ, დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი და მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც ჯერ არ აღსრულებულა, რადგან ამჟამად კვლავაც განხილვის რეჟიმშია - მოპასუხე მხარემ გადაწყვეტილება შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრა.
- დისკრიმინაციის მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს. საჭიროა, ვიცოდეთ საკუთარი უფლებები, ვიცოდეთ ვის მივმართოთ დისკრიმინაციის, არათანაბარი მოპყრობის შემთხვევაში.
-
საქართელოში აკრძალულია ყველა სახის დისკრიმინაცია, ამიტომ თუ თავს მიიჩნევ დისკრიმინაციის მსხვერპლად, უფლება გაქვს, მიმართო საქართველოს სახალხო დამცველს ან/და სასამართლოს.
-
უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის კი დაგვირეკე „კოალიცია თანასწორობისთვის" ცხელ ხაზზე 568 471414. კვალიფიციური იურისტები მოგიმზადებენ დოკუმენტებს და დაიცავენ შენს ინტერესებს საქართველოს სახალხო დამცველთან და სასამართლოში.