- საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, იკრძალება ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია. ეს მუხლი იცავს ენობრივად და კულტურულად უმრავლესობისაგან განსხვავებულ საქართველოს მოქალაქეებს.
"კოალიცია თანასწორობისთვის" საქმიანობის ანგარიშებში ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ბევრი შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის ერთ-ერთია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ.
2017 წელს PHR-მა საჩივრით მიმართა სახალხო დამცველს მას შემდეგ, რაც 2016 წელის 18 დეკემბერს „სტუდია მონიტორმა“ გამოაქვეყნა სიუჟეტი სახელწოდებით „ბავშვები ჩვენი რეალობიდან“. სიუჟეტში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, დედასა და ბავშვს, რომლებიც, სავარაუდოდ, მოწყალებას ქუჩაში ითხოვდნენ, მოიხსენიებდა როგორც „ციგნებს“. მისი საუბრის მანერაში იკვეთებოდა განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება ბოშების, როგორც ეთნიკური ჯგუფის მიმართ, კერძოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ამბობს შემდეგ ტექსტს: „ციგნები სულ გარეთ ყრიან, აი, სად წავიყვანო, გეკითხები, დედაბუდიანად გარეთ ყრიან.“
- „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.
ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომელს ჰქონდა დისკრიმინაციული და ქსენოფობიური დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვის მიმართ და მათ ეთნიკური ნიშნით ყოფდა, ამიტომ საჩივრით მიმართა სახალხო დამცველს.
სახალხო დამცველმა, PHR-ის განცხადების საფუძველზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა. ფაქტის შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველს ეცნობა, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის შედეგად, პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა შენიშვნა, ხოლო მეორე თანამშრომლის მიმართ გამოყენებული იყო სარეკომენდაციო ბარათი.
- დისკრიმინაციის მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს. საჭიროა, ვიცოდეთ საკუთარი უფლებები, ვიცოდეთ ვის მივმართოთ დისკრიმინაციის, არათანაბარი მოპყრობის შემთხვევაში.
-
საქართელოში აკრძალულია ყველა სახის დისკრიმინაცია, ამიტომ თუ თავს მიიჩნევ დისკრიმინაციის მსხვერპლად, უფლება გაქვს, მიმართო საქართველოს სახალხო დამცველს ან/და სასამართლოს.
-
უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის კი დაგვირეკე „კოალიცია თანასწორობისთვის" ცხელ ხაზზე 568 471414. კვალიფიციური იურისტები მოგიმზადებენ დოკუმენტებს და დაიცავენ შენს ინტერესებს საქართველოს სახალხო დამცველთან და სასამართლოში.