"კოალიცია თანასწორობისთვის" ეხმიანება საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის 2019 წლის 25 და 30 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომელიც დავით გარეჯში წარმოქმნილ პრობლემასთან დაკვაშირებით, საქართველოს აზერბაიჯანელი თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას და მარგინალიზებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური და სოციალური გავლენები დღეს არსებითად სუსტია, მისი რიტორიკა ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიმპტომატურად აჩვენებს დომინანტურ პოლიტიკასა და დისკურსს საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ეს დიკურსი ხელს უწყობს მათ გაუცხოებას, სოციალურ დახარისხებას და მათი თემის გეოპოლიტიზებას.
კერძოდ, 25 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დავით გარეჯის მოვლენებთან დაკავშირებით დაწერა, რომ 2005 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მორიგი პოლიტიკური უთანხმოების მოგვარება მან შეძლო აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის დამუქრებით, რომ თუ ის ამ პრობლემას არ მოაგვარებდა „დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებდა“. ოქრუაშვილის 25 აპრილს განცხადებას ლოგიკური პროტესტი მოჰყვა საზოგადოების ერთ ნაწილში და განსაკუთრებით ეთნიკურ აზერბაიჯანელებში, რის საპასუხოდაც ოქრუაშვილმა მორიგი განცხადება გააკეთა 30 აპრილს, სადაც ის საქართველოს აზერბაიჯანელებს აკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დავით გარეჯში ხდება, ვინაიდან თითქოს ისინი არასოდეს იყვნენს საქართველოში ცვლილებების მომხრე, არასოდეს იღებდნენ ხმას საქართველოს ინტერესების დასაცავად და რომ ისინი არიან სათამაშო ფიგურა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის საქართველოში. ოქრუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა რომ საქართველო „მათთან ვალში არაა“, არამედ პირიქით. მეტიც, ოქრუაშვილის მორიგი საჯარო პოსტი შეურაცხმყოფელად და აგდებულად მიმართავს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ვერ მოახერხეს და ვერ ისწავლეს ქართული ენა.
ირაკლი ოქრუაშვილის ორივე განცხადება წლების განმავლობაში იმ დომინანტური პოლიტიკის გამოვლინებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან კავშირში ხედავს და მათ ხშირად სხვა ქვეყანასთან პოლიტიკური მოლაპარაკებების ან გავლენის მოპოვების საგნად აქცევს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ მსგავსი შინაარსის განცხადება ასევე გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა მარიამ ჯაშმა. ცხადია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და მასთან თანამშრომლობით ურთიერთობები მრავალმხრივად არის მნიშვნელოვანი, თუმცა, ეს გარემოება არანაირ გავლენას არ უნდა ახდენდეს საქართველოს აზერბაიჯანელი თემის საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად აღქმასა და ინტეგრაციაზე.
წლების განმავლობაში არასაკმარისი ინტეგრაციის პოლიტიკა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ გაუცხოებასა და უნდობლობაზე დაფუძნებული პოლიტიკური ხედვები და რიტორიკა, ეთნიკური უმცირესობების მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მონიშვნას და განცდას იწვევს. ეთნიკურ უმცირესობები ხშირად პოლიტიკური ჯგუფების მიერ სრულიად გაუმართლებლად დიასპორად და სხვა ქვეყნების ინტერესების გამტარებლად განიხილებიან, რაც მათ მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას არსებითად უსაფრთხოების პარადიგმაში აქცევს. ეს ჩვენი მოქალაქეების მარგინალიზების და დახარისხების გაუმართლებელი და დისკრიმინაციული პოლიტიკაა. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციისა და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის სულისკვეთებას. ეთნიკური უმცირესობები საქართველოში არა ერთ სისტემურ გამოწვევას აწყდებიან განათლების, პოლიტიკური მონაწილეობის, ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური თუ ეკონომიკური განვითარების კუთხით და ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკოსებმა თანასწორობაზე, ინკლუზიურ მოქალაქეობაზე დაფუძნებულ მიდგომებს და რიტორიკას შეუწყონ ხელი, უმცირესობების მარგინალიზებას ახდენენ. სამწუხაროა, რომ წარსულში მაღალი თანამდებობის მქონე პირების და სოციალური ჯგუფების თანასწორობისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უკიდურესად მიუღებელ და აგრესიულ იდეებს საჯაროდ იყენებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აზერბაიჯანელ თემში მიმდინარეობს თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთან ღრმა თვითიდენტიფიკაციით და მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში მონაწილეობის მზარდი ინტერესით ხასიათდება. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ჯგუფებს ეთნიკური უმცირესობების შესახებ ზედაპირული, სოციალურ კონტექსტს მოკლებული ცოდნა გააჩნიათ, რაც ასევე არის არადემოკრატიული და გამრიყავი პოლიტიკური ხედვების მიზეზი.
"კოალიცია თანასწორობისთვის" გმობს მსგავსი რიტორიკით და ენით ეთნიკურ უმცირესობებთან ლაპარაკს და მოუწოდებს პოლიტიკურ ჯგუფებს გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა დემოკრატიული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის პროცესში და არ დაუშვან ეთნიკური უმცირესობების გამაუცხოებელი იდეების კულტივირება.