27 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღეს, „კოალიცია თანასწორობისთვის“ ორგანიზებით, თბილისში, უფლებადამცველების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ კონფერენცია გაიმართა. უფლებადამცველებმა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
კონფერენციაზე განიხილეს აქტივისტების შეზღუდვის მექანიზმები, უფლებადამცველ და პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა, სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული სარჩელები (SLAPP) და სხვა. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სამოქალაქო საზოგადოების პასუხზე მის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკაზე.
სპიკერებს შორის იყვნენ: საქართველოდან - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, „უფლებები საქართველოს“ დირექტორი ლადო მკერვალიშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამარ გაბოძე და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, მოლდოვიდან - Promo-LEX Association-ის პროგრამის დირექტორი ვადიმ ვიერუ და Legal Resources Centre-ის ადმინისტრაციული სერვისების დირექტორი ოლგა კორტაკი, სომხეთიდან - Freedom House-ის წარმომადგენელი ანდრანიკ შირინიანი, ხოლო აზერბაიჯანიდან - Gender Hub Azerbaijan-ის თანადამფუძნებელი და განვითარების დირექტორი რომან გოჯაევი.
კონფერენცია გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი) მხარდაჭერით.
„კოალიცია თანასწორობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა. ამჟამად კოალიციის თავმჯდომარე არის ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“.
დაარსების დღიდან, კოალიციის მუშაობას მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.