01 ნოემბერი 2023 ომბუდსმენი შრომითი დისკრიმინაციის დავებზე საზიანო პრაქტიკას ამკვიდრებს

“კოალიცია თანასწორობისთვის” ეხმიანება გოგა რაზმაძის საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევებზე მკვიდრდება არასწორი პრაქტიკა, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ განმცხადებელს, არამედ აუარესებს დასაქმებულ პირთა შრომით მდგომარეობას.

გოგა რაზმაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში მენეჯერული თანამდებობა უკავია. მან საჯაროდ ისაუბრა მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციაზე, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულებაზე. რაზმაძემ მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს მიმართა, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია. სწორედ ამის შემდგომ მიმართა რაზმაძემ სახალხო დამცველს და ითხოვა დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიზიდან იკვეთება, რომ სახალხო დამცველმა:

  • არ გამოკითხა გოგა რაზმაძის მიერ დასახელებული და მოწმედ მითითებული არც ერთი პირი;
  • მხედველობაში არ მიიღო გოგა რაზმაძის მიერ დასახელებული ფაქტები, გარემოებები და არგუმენტაცია, რომელიც სამინისტროს არაერთ განმარტებს აბათილებდა;
  • განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი შეკითხვების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაუსვა სამინისტროს;
  • იხელმძღვანელა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციით დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის გარეშე;
  • არ გაითვალისწინა გენერალურ ინსპექციაში განხორციელებულ იძულებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები;
  • და საბოლოოდ - ერთი კვირის ვადაში, სრულად გაიზიარა სამინისტროს პოზიცია მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის დამატებით არგუმენტაციაზე სამინისტროს ომბუდსმენისთვის პასუხი არც კი წარმოუდგენია. უცნობია, საერთოდ გადაეგზავნა თუ არა განმცხადებლის ბოლო პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ამრიგად, გოგა რაზმაძის საქმეზე სახალხო დამცველის გადაწყვეტილება არ ეფუძნება გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას, დაუსაბუთებელი და მიკერძოებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ. მოწმეების გამოკითხვის, სამინისტროსთვის კითხვების დასმისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის გარეშე, ომბუდსმენმა ფაქტობრივად განმცხადებელი დაავალდებულა, რომ თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები. საქმის მსგავსი გადაწყვეტა მტკიცების ტვირთის შებრუნებაა, რაც სრულად ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის საქმეებზე ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობითა და პრაქტიკით დადგენილ სტადარტებს.

როცა მოქალაქე სამინისტროს სისტემას უპირისპირდება, ასიმეტრიულ დაქვემდებარებაშია და მრავალი მტკიცებულების დამოუკიდებლად მოპოვება არ ძალუძს, კანონი სწორედ ომბუდსმენს ანიჭებს უფლებამოსილებას, გამოკითხოს მოწმეები, გამოითხოვოს და შეისწავლოს დამატებითი ინფორმაცია. სამწუხაროდ, გოგა რაზმაძის საქმეში ომბუდსმენმა ამ უფლებამოსილების განხორციელებაზე უარი თქვა და საქმე კანონით დადგენილი ნორმების სრული უგულებელყოფით განიხილა. მსგავსი მიდგომა აზიანებს მამხილებლების უფლებრივ გარანტიებსაც, რაც ასუსტებს საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლის შესაძლებლობებს.

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მტკიცების ტვირთი გადაანაწილოს იმგვარად, რომ დასაქმებული არათანაბარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს დამსაქმებელთან შედარებით და გულისხმიერებითა და გულმოდგინებით მოეკიდოს თითოეული დასაქმებულის საქმეს.

Human Rights Center

თანასწორობის მოძრაობა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

საფარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

უფლებები საქართველო

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

პუბლიკაციები

საქმეები