19 იანვარი 2023 საფარმა "კოალიციის თანასწორობისთვის" თავმჯდომარეობა შეაჯამა

18 იანვარს, ორგანიზაცია "საფარის" დაბადების დღის აღსანიშნავ შეხვედრაზე, სადაც სტუმრებს ორგანიზაციის საქმიანობის მიმოხილვის გაცნობა შეეძლოთ, ცალკე ადგილი დაეთმო საფარის სამწლიან თავმჯდომარეობას "კოალიციის თანასწორობისთვის" ფარგლებში.

ნათია გამხიტაშვილმა, საფარის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტმა, ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რომელიც საფარმა გასწია კოალიციის ფარგლებში.

საფარის თავმჯდომარეობისას, ანტიდისკრიმინაციული და თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, თანამშრომლობა მიმდინარეობდა როგორც საჯარო, ისე კერძო და სამოქალაქო სექტორებთან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამცხე- ჯავახეთის რეგიონზე:

  • გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუნიციპალიტეტების თანამშრომლების ცნობიერების ასამაღლებლად. ამასთან, შეფასდა მათი სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
  • სამცხე-ჯავახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, კოალიცია დაეხმარა შესაძლებლობების განვითარებაში (capacity building). თანამშრომლობის გასაღრმავებლად, კოალიციის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლები პირისპირაც შეხვდნენ მათ.
  • ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები. ისინი რეგიონის თანასაგანმანათლებლო საქმიანობაში ჩაერთნენ.
  • ამ დატრენინგებულ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თანაგანმანათლებლებზე გაიცა მცირე გრანტები. გრანტის მეშვეობით, მათ მიეცათ ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნის რეალიზების, თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების ძიების შესაძლებლობა.
  • სხვადასხვა კერძო კომპანიის თანამშრომლებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები თანასწორობის საკითხებზე. კოალიციამ მათ ხელი შეუწყო თანასწორობის პოლიტიკისა და გასაჩივრების მექანიზმების დანერგვაში.

სამივე წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა სხვადასხვა ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობაზე დაკვირვება და მომზადდა შესაბამისი ანგარიშები:

  • ტრადიციულად, მომზადდა ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შეფასების 3 ყოველწლიური ანგარიში და ასევე 3 ყოველწლიური ანგარიში კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით წარმოებულ საქმეებზე;
  • კოალიციამ ანგარიშები წარუდგინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, გაეროს ქალთა კომიტეტს, ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფს; ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) კი ინდივიდუალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული ინციდენტების შესახებ.

საფარის თავმჯდომარეობის ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობდა კოალიციის წევრთა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზეც.

  • გასვლით შეხვედრაზე, გაანალიზდა არსებული გამოწვევები და დაისახა მომდევნო 4 წლის მიზნები.
  • კოალიციის რამდენიმე წევრმა ორგანიზაციამ მოამზადა საპროექტო განაცხადიც.

კოალიციაში საფარის თავმჯდომარეობის პერიოდი პანდემიის მძიმე დროს დაემთხვა, რამაც თავისი გავლენა იქონია კოალიციის საქმიანობის პროცესზე, თუმცა, "საფარი" მუდმივად ცდილობდა, გარე ფაქტორების მიერ გამოწვეული მსგავსი შეფერხებების ზემოქმედება მთლიანად კოალიციის საქმიანობაზე მინიმუმამდე დაეყვანა.

"საფარის" თავმჯდომარეობის პერიოდში, კოალიციის საქმიანობის შესახებ ბევრი საინფორმაციო თუ საგანმანათლებლო დანიშნულების მედიაპროდუქტი გამოქვეყნდა (კოალიციის ანგარიშებიდან სხვადასხვა საკითხის ამსახველი პოსტერები, კოალიციის წევრი ორგანიზაციების იურისტების ვიდეოლექციები დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე, ვიდეორგოლები დისკრიმინაციაზე, ინტერსექციურობაზე და სხვ.), რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საზოგადოების ინფორმირებულობა კოალიციის საქმიანობაზე. ასევე, ინგლისური სუბტიტრებით გამოქვეყნდა "კოალიციის თანასწორობისთვის" 2021 წლის ანგარიშის გასული წლის პრეზენტაციის მოხსენებების ვიდეოჩანაწერებიც. გარდა ამისა, ტელევიზიით აქტიურად შუქდებოდა კოალიციის ფარგლებში ორგანიზებული ყველა ღონისძიება - პრეზენტაცია, პრესკონფერენცია, შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან, საფარი "კოალიციის თანასწორობისთვის" თავმჯდომარე ორგანიზაციის ესტაფეტას ორგანიზაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" გადასცემს.

პუბლიკაციები

საქმეები