“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან.
გთავაზობთ ამა წლის ოქტომბრის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ დავა ჟურნალისტის სასარგებლოდ დასრულდა
საია-ს ზუგდიდის ოფისის დახმარებით, ინტერნეტ გამოცემა ,,ლაივპრესის’’ ჟურნალისტმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დავა მოუგო. საქმე შეეხებოდა სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის მიღებას.
ჟურნალისტი სამინისტროსაგან ითხოვდა იმ წერილის გადაცემას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიგზავნა 3 პირის WSF-ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. სამინისტრო უარს აცხადებდა ინფორმაციის გაცემაზე, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს გამოიწვევდა სხვისი პერსონალური ინფორმაციის შემცველი მონაცემების დამუშავებას.
სამივე ინსტანციის სასამართლოში დავა ჟურნალისტის სასარგებლოდ დასრულდა. ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობა აკისრებდა ვალდებულებას, ჟურნალისტის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და გაეცა შესაბამისი საჯარო ინფორმაცია.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შშმ პირის დარღვეული უფლებები აღადგინა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რითიც დადგინდა დავით ხუხუას მიმართ, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, დისკრიმინაციული მოპყრობა - შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან. დისკრიმინაციის ფაქტის გამო მოპასუხეებს დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალა საქალაქო სასამართლოს წინარე გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნულ საქმეში დარღვევა ვერ დაადგინა.
2016 წლის 15 ივნისს, მოქალაქე დავით ხუხუა სამ თანამგზავრთან ერთად, თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მიემგზავრებოდა მანქანით. დავით ხუხუა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და გადაადგილებისთვის იყენებს ეტლს, რომელიც მგზავრობისას ინახებოდა მანქანის საბარგულში. მანქანის გაუმართაობის გამო, მათ მოუწიათ მისი გაჩერება, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მიუახლოვდათ. პოლიციელების მხრიდან მანქანის დაყოვნება გაგრძელდა რამდენიმე საათით. მთელი ამ დროის განმავლობაში მოსარჩელე პატრულ-ინსპექტორებს სთხოვდა ეტლის საბარგულიდან გადმოტანაში დახმარებას, რადგან ესაჭიროებოდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. დავით ხუხუას თანამგზავრებმა მინიმუმ 8-ჯერ სცადეს ეტლის საბარგულიდან გადმოღება, თუმცა, ამის საშუალება მათ პატრულ-ინსპექტორებმა არ მისცეს.
20 ოსტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც:
- გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
- დადგინდა დავით ხუხუას მიმართ შსს-ს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.
- მოპასუხეებს დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარის გადახდის ვალდებულება.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.
პროკურატურამ შშმ ქალი სოციალური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ცნო დაზარალებულად
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სამართლებრივ დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგზარდა ქალს, ი.ც-ს, რომელზეც ყოფილი მეუღლე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
აღნიშნული საქმეზე, პროკურატურის მხრიდან სრულად იქნა გაზიარებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის მიერ გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაცია და მოძალადის თითოეულ ქმედებას მიენიჭა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია. შესაბამისად ი.ც-ს ყოფილი მეუღლე ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 1 ნაწილით 1261-1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების გამო.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
წულუკიანის საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო
თეა წულუკიანის მხრიდან ჩატარებული საკადრო წმენდის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ, გუგა გოგაძემ, 2022 წლის 26 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შრომითი დავა მოიგო. მის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.
სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გუგა გოგაძეს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება, გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, სასამართლომ სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის განაცდურის ანაზღაურებაც დაავალა - გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად გადასახდელი ხელფასის მთლიანი ოდენობა.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.
სოფელ სავანეთში მოსახლეობისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის აქტიურობის შემდეგ, საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში, დასახლებული პუნქტის მახლობლად, ქათმის ფერმა შპს „სავანეთი 99“ ფუნქციონირებს. ამის გამო, ღია სივრცეში, წლების განმავლობაში სოფლის მოსახლეობას უმძიმეს გარემოში უწევდა ცხოვრება. ფერმის მომიჯნავედ, ღია სივრცეში ეყარა ნარჩენები, ფერმიდან მომდინარე ანტისანიტარია აწუხებდა თითქმის მთელს სოფელს.
ადგილობრივი აქტივისტების მოწვევით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლები სოფელ სავანეთში იმყოფებოდნენ.
მოსახლეობას პრაქტიკულად წართმეული ჰქონდა ღია სივრცით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა. სოფელში შექმნილი ეს მდგომარეობა გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი გარემოსთვის და ჯანმრთელობისთვის საზიანო ვითარებას ქმნიდა, ღირსების შემლახავ სოციალურ კლიმატს წარმოშობდა ადგილობრივებისთვის.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, თემის აქტივისტებთან შეთანხმებით, წერილობითი შეტყობინებები გააგზავნა სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. ამ მიმართვების საფუძველზე, ორივე სამსახურმა ჩაატარა ფერმის ინსპექტირება, გამოავლინა შეუსაბამობები ნარჩენების მართვასთან და ჰიგიენური წესების დარღვევასთან დაკავშირებით, კომპანიას დააკისრა ჯარიმა და მისცა მითითებები ტერიტორიის დეზინფიცირების, ნარჩენების მართვის და განთავსების წესების თაობაზე. საზედამხედველო ორგანოების ჩართულობა ეფექტიანი აღმოჩნდა და კომპანიამ დაიწყო ჰიგიენური ნორმების და ნარჩენების მართვის წესების დაცვა.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.
Საფარი
ხანუმ ჯეირანოვას ორი შვილისთვის სახელმწიფოს ჯამში 100 000-ლარიანი კომპენსაცია დაეკისრა
ხანუმ ჯეირანოვას ორ შვილს სახელმწიფო, კომპენსაციის სახით, ჯამში 100 000 ლარს გადაუხდის. მათ ინტერესებს სასამართლოში “საფარის” იურისტი, ნინო ანდრიაშვილი წარმოადგენს, რომელიც განმარტავს, რომ კომპენსაცია იმ მორალური ტრამვისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ.
“საფარმა” კომპენსაციის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ მიმართა. კომიტეტმა დაადგინა, რომ “საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით”. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ კი ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა.
გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტს “საფარმა” და ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით 2018 წელს მიმართა.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებაში ბრალდებულ კაცს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
“საფარმა” როგორც დაზარალებული ქალის ინტერესების დამცველმა ორგანზიაციამ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით 6 ოქტომებრს მიმართა. დაზარალებული ქალის განმარტებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ბრალდებულმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა. საგამოძიებო სამსახურს წარვუდგინეთ შესაბამისი მტკიცებულებებიც. ორი კვირის განმავლობაში უწყებამ “საფარის” ჩართულობით არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა.
საბოლოოდ, 22 ოქტომბერს კაცი დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მიხლით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.
—-----------------------------
“კოალიცია თანასწორობისთვის” განაგრძობს თქვენთვის მუშაობას. შეგახსენებთ, რომ თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის მოგვმართეთ:
კოალიციის ხაზი: 568 47 14 14
კოალიციის Facebook გვერდი