30 აგვისტო 2022 “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციების მიმდინარე წარმატებული საქმეები - აგვისტო

“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან. 

გთავაზობთ ამა წლის აგვისტოს თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.



სოციალური სამართლიანობის ცენტრი

წულუკიანის საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო


8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან, უკანონოდ მიიჩნია. მის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა. დინარა ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ.

გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა. სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია გათავისუფლებულის აღდგენა იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე, ასეთი თავისუფალი პოზიციების არარსებობის გამო. დამატებით, სასამართლომ კომპენსაციის სახით მხოლოდ 2000 ლარი განსაზღვრა, რაც შეუსაბამოდ დაბალი ოდენობაა და ამასთან დაკავშირებით დავას სააპელაციო სასამართლოში გავაგრძელებთ.

სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დინარა ვაჩნაძის კომპეტენციას. 

მოსარჩელე 2006 წლიდან მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში, ხოლო 2017 წლიდან თბილისის კოლექციებისა და ეროვნული საგანძურის მართვის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

უფლებები საქართველო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობით ძალადობის მსხვერპლი ქალი მომეტებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა

2022 წლის 1 აგვისტოს „უფლებები საქართველოს“ მიმართა ქალმა, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობს მოქმედი პოლიციელი. მსხვერპლთან კონსულტაციის შედეგად გამოვლენილი გარემოებებისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით „უფლებები საქართველომ“ დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ცემის, ძალადობისა და ადევნების საქმეებს სწორედ ეს უწყება იძიებს.

2 აგვისტოს, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატის ელისო რუხაძის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება. ამასთან, ადვოკატ ელისო რუხაძის შუამდგომლობის საფუძველზე, მსხვერპლის მიმართ ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. გამოკითხვის დაწყებამდე და სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობის პარალელურად მოძალადე განუწყვეტლივ ახორციელებდა არასასურველ კომუნიკაციას მსხვერპლთან, რომელიც ასევე მოიცავდა სიცოცხლის მოსპობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარას. ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს, თუმცა „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვერ უზრუნველყო მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვა და უწყების მიდგომა არ იყო მსხვერპლის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული. კერძოდ, მოძალადისგან მომდინარე რეალური და მყისიერი საფრთხის მიუხედავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა არ განახორციელა მტკიცებულებების შესწავლა, მსხვერპლს მოუწოდა ღამის 12 საათზე დაბრუნებულიყო სახლში და დაესვენა, მაშინ როდესაც მოძალადე მსხვერპლის სამუშაო ადგილზე იყო მისული და მას ეძებდა. 

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა არ უზრუნველყო მსხვერპლის უსაფრთხოების მიზნით შემაკავებელი ორდერის გამოცემა და თავად მსხვერპლი დაავალდებულა, განეხორციელებინა შესაბამისი პროცედურები. 

3 აგვისტოს, გამთენიისას, მსხვერპლს თავად მოუწია 112-თან დაკავშირება და შუაღამისას რამდენიმე საათის განმავლობაში ქუჩაში ყოფნა, რათა გამოცემულიყო შემაკავებელი ორდერი. იმავე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მეშვიდე სამმართველომ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. ორდერის გამოცემის დღესვე არსებობდა შესაბამისი კანონისმიერი საფუძველი დაუყოვნებლივ მომხდარიყო მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ეს გადაწყვეტილება 3 აგვისტოს, დღის ბოლოს, „უფლებები საქართველოს“ არაერთგზის მოთხოვნის საფუძველზე იქნა  მიღებული.

4 აგვისტოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"

GDI განაგრძობს ჟურნალისტთა უფლებების დაცვას

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) „ფორმულას“, „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ დამატებით 38 ჟურნალისტის ინტერესებს დაიცავს მათ უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საჭიროების შემთხვევაში - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 

2022 წლის 07 ივლისს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ რამდენიმე ჟურნალისტის და აქტივისტის სახელით მათ უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უკვე მიმართა  საჩივრით..

2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. მასალები ათასობით დოკუმენტს აერთიანებდა, რომლებიც ძირითადად სასულიერო პირებს, მათ კავშირებს, სატელეფონო მიმოწერებს, საუბრებს, წარსულ საქმიანობებს და პირადი ცხოვრების სხვა დეტალებს ეხებოდა. ამ მასალებში ასევე აღმოჩნდა ინფორმაცია ჟურნალისტების, აქტივისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და მათთან დაკავშირებული პირების საუბრების შესახებ.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

—-----------------------------

“კოალიცია თანასწორობისთვის” განაგრძობს თქვენთვის მუშაობას. შეგახსენებთ, რომ თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის მოგვმართეთ: 

კოალიციის ხაზი: 568 47 14 14

კოალიციის Facebook გვერდი



 

პუბლიკაციები

საქმეები