30 ივლისი 2022 “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციების მიმდინარე წარმატებული საქმეები - ივლისი

“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან. 

გთავაზობთ ამა წლის ივლისის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
 

PHR-მა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში პირველი დავა მოიგო

2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის  გიორგიმ აღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა - სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზრდელმა გიორგის ხელი სახისა და ყურის არეში დაარტყა. ბავშვს სახეზე დაზიანებების კვალი დაეტყო. გიორგის გამოსაყვანად მისულმა დედამ ბავშვის სახეზე დაზიანებები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა, რაზეც გიორგიმ უპასუხა რომ მასწავლებელმა სცემა. 

Ლალიმ პოლიციას მიმართა. გამოძიება მაშინვე დაიწყო. ბავშვმა პოლიციას უამბო რაც მოხდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ გიორგის სახეზე დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნის გამოყენებით. 

რამდენიმე თვის განმავლობაში 3,5 წლის გიორგი ელოდებოდა პოლიციისგან პასუხს, თუმცა უშედეგოდ. ლალიმ ბავშვის ინტერესების დასაცავად ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2018 წლის აპრილში მომართა.

საქმეში ჩართვის დღიდან ორგანიზაციის ადვოკატებმა არაერთხელ მოითხოვეს გიორგის მიმართ ჩადენილი ძალადობის სათანადოდ გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება, თუმცა უშედეგოდ.

2018 წლის 08 ივნისს ადვოკატებმა გიორგის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს მის მიმართ აღმზრდელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

პროკურორმა ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ვერ დგინდებოდა, რომ ბავშვს დაზიანებები ძალადობის შედეგად ჰქონდა მიღებული. პროკურორის უარი გიორგის ადვოკატებმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.

გიორგის ადვოკატებმა მტკიცებულებები შეაგროვეს და 2018 წლის ნოემბერში გიორგის უფლებების დასაცავად გაეროს ბავშვის უფლებათა  კომიტეტს მიმართეს.

2022 წლის 07 ივნისს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია გიორგის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.


სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სასამართლომ შორენა ღლონტის გათავისუფლება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ მიიჩნია

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ მიიჩნია და საზოგადოებრივი მაუწყებელს კომპენსაცია 20 000 ლარის ოდენობით და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ყოველთვიური 2500 ლარის გადახდა დააკისრა.

შორენა ღლონტმა სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით ორივე შემთხვევაში მიმართა სასამართლოს და ითხოვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებების უკანონოდ ცნობა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ დაახლოებით 2 წლიანი განხილვის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და უკანონოდ სცნო შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა უარი თქვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე და სანაცვლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ულოცავს შორენა ღლონტს მიღებულ გადაწყვეტილებას და პოზიციების შეჯერების შემდგომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე უარს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

უფლებები საქართველო

„უფლებები საქართველომ“ სუს-ს დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ სუს-ის მიერ პოლკოვნიკ გიორგი მურთაზაშვილის სამსახურიდან განთავისუფლება უკანონოდ ცნო. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა მურთაზაშვილის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

20-წლიანი მუშაობის სატაჟის მქონე პოლკოვნიკ გიორგი მურთაზაშვილს სამსახური 2020 წლის 21 თებერვალს დაატოვებინეს. მიზეზი გახდა მურთაზაშვილის მიერ, ორი დღით ადრე,  სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ფეისბუკ პოსტზე გაკეთებული კომენტარი - „აწი რაღა გვიჭირს!“, რომლითაც მურთაზაშვილი სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნას გამოეხმაურა.  

მურთაზაშვილმა „უფლებები საქართველოს“ მიმართა დახმარებისათვის და უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების განყოფილებაში გადაყვანის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ყოფილმა ლექტორმა, რომელიც თსუ-ს დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, უნივერსიტეტის წინააღმდეგ დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

022 წლის 26 ივლისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ (მომხსენებელი მოსამართლე ოთარ სიჭინავა) ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ერთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ დაადასტურა, რომ თსუ, განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვის გამო, ლექტორს - დავით ნიჟარაძეს დისკრიმინაციულად მოეპყრო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნივერსიტეტს ლექტორის სასარგებლოდ, მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 4350 ლარის გადახდა დააკისრა.

დავით ნიჟარაძე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ლექციებს წლების განმავლობაში კითხულობდა და ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ კრიტიკულ მოსაზრებებს ღიად გამოთქვამდა. საკუთარი შეხედეულებების ღიად დაფიქსირების გამო, ფაკულტეტის ადმინისტრაცია კრიტიკულად განწყობილ ლექტორს დისკრიმინაციულად მოეპყრო, რის გამოც მან ვერ შეძლო აკადემიური თანამდებობის დაკავება. მოგვიანებით კი, ფაკულტეტის დეკანმა მასთან, როგორც მოწვეულ ლექტორებთან, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაც არ ისურვა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, მრავალშვილიანი ოჯახი ერაყიდან საქართველოში თავშესაფარს მიიღებს

უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ერაყის მოქალაქე, ბატონი ა.ვ.მ. და მისი ოჯახი (მათ შორის, 9 ბავშვი) საქართველოში თავშესაფარს მიიღებენ. 

ბენეფიციარებმა 2014 წელს დატოვეს ერაყი საომარი მდგომარეობის გამო და ჩამოვიდნენ საქართველოში, სადაც მოითხოვეს საერთაშორისო დაცვის მინიჭება. 

მომდევნო წელს ადმინისტრაციულმა ორგანომ  ბენეფიციარებს მიანიჭა საერთაშორისო დაცვა საქართველოში, მაგრამ 2017 წელს მათ ჰუმანიტარული სტატუსი ჩამოერთვათ. მას შემდეგ ოჯახი ჰუმანიტარული სტატუსის აღდგენას უშედეგოდ ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2020 წელს. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება 2022 წელს გასაჩივრდა  სააპელაციო სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, გააუქმა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილებით მიგრაციის დეპარტამენტს დაევალა ბენეფიციარებისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით სირიის მოქალაქემ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე დავა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოიგო

ლ.ა. 2018 წლიდან სწავლობს საქართველოში. მან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო), სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს მიმართა.  სააგენტოს უარი, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლ.ა.-ს სარჩელი და სააგენტოს დაავალა ხელახლა ემსჯელა მის განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა, სააგენტოს გადაწყვეტილებით ლ.ა.-ს განმეორებით ეთქვა უარი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

სააგენტოს უარი ლ.ა.-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა ლ.ა.-ს სარჩელი და პირდაპირ დაავალა სააგენტოს მისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააგენტომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ლ.ა.-ს ინტერესების დასაცავად „უფლებები საქართველო“ საქმეში სწორედ ამ ეტაპიდან ჩაერთო.

თბილისის სააპელაციო სამართლომ არ დააკმაყოფილა სააგენტოს სააპელაციო საჩივარი. სააგენტომ დავა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გააგრძელა, რომელმაც სრულად გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ სამართლებრივი დასაბუთება და დაუშვებლად ცნო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"

2021 წლის 5 ივლისს ძალადობის ფაქტზე “თბილისი პრაიდის” სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო

2021 წლის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ GDI-ის საჩივარი  „თბილისი პრაიდის“ საქმეზე განსახილველად მიიღო და აღნიშნა რომ საქმეს შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიენიჭოს (“The Court considers that these application may become an impact case”).

საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებული ჰომოფობიური ძალადობას, თავდასხმებს და მუქარას ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ. შესაბამისად, საჩივრით მოსარჩელეები ითხოვენ ხელისუფლების უმოქმედობის და არაეფექტური რეაგირების გამო კონვენციით გარანტირებული უფლებების, კერძოდ კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის დადგენას.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

GDI-ის მორიგი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში

2022 წლის 07 ივლისს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ჟურნალისტებისა და აქტივისტების უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. მასალები ათასობით დოკუმენტს აერთიანებდა, რომლებიც ძირითადად სასულიერო პირებს, მათ კავშირებს, სატელეფონო მიმოწერებს, საუბრებს, წარსულ საქმიანობებს და პირადი ცხოვრების სხვა დეტალებს ეხებოდა. ამ მასალებში ასევე აღმოჩნდა ინფორმაცია ჟურნალისტების, აქტივისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და მათთან დაკავშირებული პირების საუბრის შესახებ. გავრცელებულ ფაილებში ასახული ინფორმაციის ავთენტურობა დაადასტურეს პოლიტიკურმა ფიგურებმა და ჟურნალისტებმა, მათ შორის, იმ პირებმაც, რომელთა ინტერესებსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ იცავს, კერძოდ: ქეთევან ნადიბაიძემ, მარტა ქურასბედიანმა, ნოდარ რუხაძემ, მარიამ გეგუჩაძემ და ნანა ბრეგაძემ.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

Საფარი

CD Company-ის ხელმძღვანელი თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა – ომბუდსმენის დასკვნა

CD Company-ს ხელმძღვანელი კაცი, თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა, “რაც გამოიხატა არასასურველ სექსუალური ხასიათის მიმოწერაში, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა მტრული, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემო”. ეს დასკვნა სახალხო დამცველმა “საფარის” მიმართვის შემდეგ გამოიტანა და კომპანიას მოუწოდა, შეიმუშაოს სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდაორგანიზაციული დოკუმენტი.

სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალი 28 წლისაა. დისკრიმინაციული და ღირსებისშემლახავი მოპყრობის გამო ის იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო, რის შემდეგაც დახმარების თხოვნით “საფარს” მიმართა. ქალიმა განაცხადა, რომ უშუალო ხელმძღვანელის მხირდან არასასურველი შინაარსის კითხვები, შენიშვნები თუ კომენტარები სამსახურის დაწყებისთანავე წამოვიდა. თავდაპირველად, ის ვარაუდობდა, რომ ამის მიზეზი ახალი თანამშრომლის გაცნობა იყო, თუმცა თანდათან კაცის ქცევამ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო, გაგრძელდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში, არასამუშაო დროს და ქალს დისკომფორტი შეუქმნა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

“ქალების შეფასებაში ექსპერტი ვარ” – ომბუდსმენმა დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

სამშენებლ-სარემონტო კომპანია “ფაქტორი გრუპის” დირექტორი თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა. ამის შესახებ დასკვნა სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ქალის ინტერესებს “საფარი” იცავს.

ქალის განცხადების მიხედვით, იგი “ფაქტორი გრუპში” 2021 წლის მარტიდან იყო დასაქმებული. მისი თქმით, სამსახურის დაწყებისთანავე დირექტორის მხირდან დაიწყო სექსუალური შინაარსის მიმოწერები, მათ შორის, არასამუშაო საათებში.

სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეზე დაადგინა სექსუალური შევიწროების “რაც გამოიხატა არასასურველ სექსუალური ხასიათის მიმოწერაში, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემო”.

სახალხო დამცველმა რეკომენდაქციით მიმართა კომპანიის დირექტორს, “არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, მათ შორის, პრევენციის მიზნით, შეიმუშაოს შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურები”.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

------------------------------------------------

“კოალიცია თანასწორობისთვის” განაგრძობს თქვენთვის მუშაობას. შეგახსენებთ, რომ თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის მოგვმართეთ: 

კოალიციის ხაზი: 568 47 14 14

კოალიციის Facebook გვერდი



 

პუბლიკაციები

საქმეები