“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან.
გთავაზობთ ამა წლის ივნისის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საიას დახმარებით დევნილი ოჯახი საცხოვრებელს მიიღებს
საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის ინტერესებს, რომელიც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ედავებოდა საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხზე. კერძოდ, მოსარჩელე ასაჩივრებდა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი უთხრეს საცხოვრებლის გადაცემაზე.
სამივე ინსტანციის სასამართლოში დავა დევნილის სასარგებლოდ გადაწყდა. სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარისთვის საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ. ასევე, მოპასუხე მხარეს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
PHR-მა სააპელაციო სასამართლოში შსს-სთან დავა მოიგო
2022 წლის 16 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა PHR-ის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.
2018 წლის აპრილში ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის” (ე.წ. სტამბოლის კონვენცია) საფუძველზე მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:
- 2013-2018 წლებში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით;
- ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით;
- ასევე, გამოთხოვილია ინფორმაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელსა და სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ დანაშაულის პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა ინფორმაციის მოწოდება. ორგანიზაციას უარი ეთქვა ძალადობის ფორმებისა და გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მონაცემების მიწოდებაზე.
PHR-მა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 21 თებერვალს სრულად დაკმაყოფილდა PHR-ის სარჩელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავება და გაცემა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სამინისტროს არგუმენტაცია და მას დაავალა PHR-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება და გაცემა.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.
საფარი
„საფარი“ ეხმარება ქალს, რომელსაც ყოფილი ქმარი წლების განმავლობასი შვილთან კომუნიკაციის საშუალება არ აძლევდა
22 ივნისს, „საფარის“ იურისტს იმერეთის რეგიონში, დაუკაშირდა ქალი და არასრულწლოვან შვილთან კომუნიკაციისთვის შესაძლებლობისთვის სამართლებრივი დახმარება სთხოვა. როგორც ქალი გვიყვება, თითქმის 4 წელია, რაც განქორწინებულია, თუმცა ყოფილი ქმარი შვილთან ურთიერთობის უფლებას არ აძლევს. მისივე თქმით, განქორწინებისას არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა და არც ინფორმავია იმაზე, შეეძლო თუ არა შვილი მასთან წაეყვანა, თუმცა ახლა მზადაა იბრძოლოდ მეურვეობის მისაღებად.
„საფარის“ დახმარებითა და პოლიციისა და სოციალური სამსახურის ჩართულობით დღეს ქალმა შვილის ნახვა მოახერხა.
მოზარდი ახლა 13 წლისაა. სამომავლოდ, დავა გაგრძელდება მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. თეონა გოგლიჩაძის თქმით, საქმის მიმდიანროებისას, შესაძლოა, გამოიკვეთოს მამისა და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან ბავშვზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ნიშნები.
„საფარი“ გააგრძელებს ქალის უფლებებისა და ბავშის საუკეთესო ინტერესების დაცვას.
ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.
“კოალიცია თანასწორობისთვის” განაგრძობს თქვენთვის მუშაობას. შეგახსენებთ, რომ თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის მოგვმართეთ:
კოალიციის ხაზი: 568 47 14 14
კოალიციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/coalitionforequality