როგორ ამოვიცნოთ დისკრიმინაცია პირდაპირია თუ ირიბი

თარიღი: 11 ნოე 2019

რას ნიშნავს პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია

არსებობს დისკრიმინაციის 2 ფორმა: პირდაპირი და ირიბი. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში ეს ტერმინები განმარტებულია. თუმცა როგორ შეიძლება მარტივად განვასხვავოთ როდის არის დისკრიმინაცია ანუ უთანასწორო მოპყრობა პირდაპირი და როდის ირიბი?

პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც რომელიმე ნიშნის ან ჯგუფისადმი კუთვნილების გამო უთანასწორო პირობებს გიქმნიან ან უთანასწოროდ გეპყრობიან.

მაგალითად:

  • რელიგიის გამო არ გაძლევენ ლოცვის უფლებას
  • კანის ფერის გამო არ გიშვებენ რესტორანში
  • სექსუალური ორიენტაციის გამო ექიმი უარს ამბობს მომსახურებაზე
  • ორსულობის გამო აღარ გიგრძელებენ კონტრაქტს სამსახურში
  • ეტლით მოსარგებლე ხარ და ვერ ახერხებ შენობაში შესვლას
  • და სხვა

ირიბი დისკრიმინაცია კი არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქმედება ფორმით ნეიტრალურია, მაგრამ არსით დისკრიმინაციული ანუ როდესაც გარკვეული პრაქტიკა, ნორმა ან მოთხოვნა, ერთი შეხედვით, ნეიტრალური ჩანს, მაგრამ მათი შედეგი ან ზეგავლენა ნეგატიურ გავლენას ახდენს კონკრეტულ ჯგუფზე.

მაგალითად, როდესაც დაწესებულება კრძალავს იმ მოქალაქეთა შესვლას საკუთარ ტერიტორიაზე, რომელთაც თავსაბურავი უკეთიათ. ეს წესი უთანასწორო პირობებში აყენებს ძირითადად მათ, ვისაც რელიგიური მრწამსის გამო სურთ თავსაბურავის ტარება. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული ეს წესი ყველა მოქალაქეზე ვრცელდება.

უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ნიშნით, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ როგორ ამოვიცნოთ, რამდენად არის კონკრეტული ქმედება დისკრიმინაციული.

თუ გახდით დისკრიმინაციის მსხვერპლი, უფლება გაქვთ, მიმართოთ საქართველოს სახალხო დამცველს ან/და სასამართლოს. მსხვერპლმა სახალხო დამცველს ან სასამართლოს უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები დისკრიმინაციის შესახებ. ამის შემდეგ, უკვე მოპასუხე იქნება ვალდებული დაამტკიცოს, რომ დისკრიმინაცია არ მომხდარა.

ვის შეგიძლიათ მიმართოთ დახმარებისთვის?

„კოალიცია თანასწორობისთვის“ 10 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანებაა, რომელიც 2014 წლიდან უწევს სამართლებრივ დახმარებას დისკრიმინაციის მსხვერპლებს. კოალიციაში შემავალი თითოეული ორგანიზაცია მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის აღსრულების მექანიზმები.

თუ მიგაჩნიათ, რომ გახდი დისკრიმინაციის მსხვერპლი მოგვმართე „კოალიცია თანასწორობისთვის ცხელ ხაზზე 568 471414. კვალიფიციური იურისტები გაგიწევენ უფასო სამართლებრივ დახმარებას, მოგიმზადებენ დოკუმენტებს და დაიცავენ შენს ინტერესებს საქართველოს სახალხო დამცველთან და სასამართლოში.