კოალიციის საქმიანობა - 2018 წლის ანგარიში

თარიღი: 14 ნოე 2019

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ყოველ წელს საზოგადოებას საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

ქვემოთ მოცემული ანგარიში რიგით მეოთხეა და 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. მასში ასახულია კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის აპარატსა და საერთო სასამართლოებში წარმოებული 62 საქმე.

კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ წარმოებული საქმეები „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონს ეფუძნება და, შესაბამისად, დაჯგუფებულია დისკრიმინაციისგან დაცული საფუძვლების მიხედვით:

  • გენდერული (სქესი) ნიშნით დისკრიმინაცია - 13 საქმე
  • მოქალაქეობისა და რასის ნიშნით დისკრიმინაცია - 11 საქმე
  • შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია - 9 საქმე
  • რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია - 7 საქმე
  • პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაცია - 7 საქმე
  • ასაკის ნიშნით (ხანდაზმულებისა და ბავშვების მიმართ) დისკრიმინაცია - 6 საქმე
  • სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია - 3 საქმე
  • პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია - 2 საქმე
  • დისტანციური ფორმით განათლების მიღების გამო დისკრიმინაცია - 1 საქმე
  • იძულებით გადაადგილების ნიშნით დისკრიმინაცია - 1 საქმე
  • პროფესიის ნიშნით დისკრიმინაცია - 1 საქმე
  • სამუშაო ადგილზე შევიწროება – 1 საქმე (ეხება პროფესიის ნიშნით დისკრიმინაციას, რაც ჯდება კანონში განსაზღვრულ "სხვა ნიშანში", მაგრამ პირდაპირ არ არის გათვალისწინებული.)

ანგარიშში ასევე ნახავთ სტატისტიკურ მონაცემებს საქმეების, მათი სტატუსებისა და შედეგების შესახებ. მეორე თავში კი საუბარია საანგარიშო პერიოდში თანასწორობის კუთხით არსებულ მიღწევებსა და პრობლემებზე.

პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, დისკრიმინაციის საქმეებში მხარეების უმეტესობა მოხსენიებულია ინიციალებით, ან მოგონილი სახელებითა და გვარებით. გამონაკლისია ის პირები, რომლებმაც თანხმობა გამოთქვეს, მათი სახელი და გვარი სრულად ყოფილიყო ანგარიშში მოხსენიებული ან საკუთარი ვინაობა თავადვე გახადეს საჯარო, ანაგარიშის შედგენამდე.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ 2014 წლის მაისში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების პროცესში მონაწილეობის მიზნით შეიქმნა. კანონის მიღების შემდეგ, კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები საქმეების წარმოებისას იყენებენ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს. გაერთიანების მიზანია, თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით.

ამჟამად კოალიციაში 10 არასამთავრობო ორგანიზაცია შედის:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • კავშირი „საფარი“
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები დისკრიმინაციის მსხვრეპლებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ. თუ თვლი, რომ გახდი უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლი, დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე 568 471414. კვალიფიციური იურისტები მოგიმზადებენ დოკუმენტებს და დაიცავენ შენს ინტერესებს საქართველოს სახალხო დამცველთან და სასამართლოში.


„კოალიცია თანასწორობისთვის“ საქმიანობის 2018 წლის ანგარიში