დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით

თარიღი: 30 მაის 2019
  • საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აკრძალულია დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით.
  • გაგაცნობთ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიერ მომზადებულ საქმეს, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას ეხება და რომელიც „კოალიცია თანასწორობისთვის“ ანგარიშშია შესული.

ტრანსგენდერმა ქალმა ნინო სირაძემ (სახელი და გვარი შეცვლილია) 2016 წლის 13 ნოემბერს გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რადგან ერთ-ერთი საკვები ობიექტის თანამშრომლები მას დისკრიმინაციულად და ღირსების შემლახველად მოეპყრნენ. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი გამოცხადდა, თუმცა, გამოძახებაზე რეაგირების ნაცვლად, მათ თავად ნინო სირაძე დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვის შემდეგ დაადგინდა, რომ საქმის მასალებით ვერ მტკიცდებოდა ნინო სირაძის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ამიტომ მის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.

ტრანსგენდერმა ქალმა 2017 წლის 27 თებერვალს სახალხო დამცველს მიმართა განცხადებით, რადგან ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მის მიმართ პირდაპირ დისკრიმინაციას პატრულ-ინსპექტორის მხრიდან.

პატრულ-ინსპექტორმა ჰომო/ტრანსფობიური წინასწარგანწყობების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია განმცხადებლის მიმართ სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, მაგრამ ეჭვი არ შეჰპარვია საცხობის თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებში. მან სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც გამოხატა პირადი დამოკიდებულები, ზოგადად, ტრანსგენდერი ქალების და, მათ შორის, ნინო სირაძის მიმართ. ხოლო როცა მოსამართლემ ჰკითხა, იყო თუ არა იგი უშუალო მომსწრე დაკავებულის მხრიდან მოქალაქეების მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებისა, ინსპექტორმა უპასუხა, რომ ის მსგავს ქმედებას არ შესწრებია. მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ინსპექტორმა სასამართლოს წინაშე განმარტა: „ნამდვილად არ ჩავთვალე, რომ ეს იყო მისი მხრიდან დაუმორჩილებლობა, უბრალოდ, არ ვიცი, როგორ ვთქვა, ხუშტურებად აღვიქვი, თუ არ ვიცი.“

  • მიუხედავად იმისა, რომ პატრულ-ინსპექტორი წარმოადგენს ადმინისტრაციული წესით ადამიანის დაკავებაზე საგანგებოდ უფლებამოსილ პირს, არ შეიძლება მან უფლებამოსილება იმგვარად გამოიყენოს, რომ გასცდეს კანონის ჩარჩოს, იმოქმედოს საკუთარი წინასწარგანწყობებისა და პერსონალური დამოკიდებულებების თანახმად.

ნინო სირაძემ სახალხო დამცველისაგან მოითხოვა პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციის დადგენა და ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გამოცემა. ეს საქმე მოხვდა 2018 წლის 15 აგვისტოს სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ ზოგად წინადადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნისკენ მოუწოდებდა. სტრუქტურული ერთეული, წინადადების მიხედვით, დაკომპლექტებული უნდა ყოფილიყო საზოგადოების დაუცველი ჯგუფების მიმართ ჩადენილი დისკრიმინაციული დანაშაულებების პრევენციაზე და დროულ და ეფექტიან გამოძიებაზე გადამზადებული კადრებით.

ამ პროცესების პარალელურად, საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექციაც სწავლობდა თუმცა დღემდე უცნობია დაადგინეს თუ არა მათ ნინო სირაძის მიმართ დისკრიმინაცის ფაქტი პატრულ-ინსპექტორის მხრიდან.

  • საქართველოს კანონმდებლობით პირის განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება სისხლის სამათლის დანაშაულად მიიჩნევა. WISG-ის მიერ წარმოებულ სამართალდარღვევის საქმეებში ხშირად იკვეთება ტრანსგენდერი ქალების დაკავებისას ამგვარი დანაშაულის ჩადენის ნიშნები. დაზარალებულები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ პროკურატურისთვის მიმართვაზე საქმის გამოსაძიებლად, რადგან ეშინიათ, რომ პოლიციელების მხრიდან შეიძლება უფრო მძიმე ანგარიშსწორებას ჰქონდეს ადგილი. შედეგად კი ტრანსგანდერი ქალები სულ უფრო ნაკლებად მიმართავენ დახმარებისთვის პოლიციას მათ მიმართ ძალადობის შემთხვევებში. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია პოლიციელებში ჰომოფობიური და ტრანსფობიური წინასწარგანწყობების შემცირება, რათა სტერეოტიპულმა დამოკიდებულებებმა არ უბიძგოს მათ დისკრიმინაციული მოტივით ლგბტქ ჯგუფის წევრთა უსაფუძვლო დაკავებისკენ.

- დისკრიმინაციის მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს. საჭიროა, ვიცოდეთ საკუთარი უფლებები, ვიცოდეთ ვის მივმართოთ დისკრიმინაციის,
არათანაბარი მოპყრობის შემთხვევაში.
- საქართელოში აკრძალულია ყველა სახის დისკრიმინაცია, ამიტომ თუ თავს მიიჩნევ დისკრიმინაციის მსხვერპლად, უფლება გაქვს, მიმართო საქართველოს სახალხო დამცველს ან/და სასამართლოს.
- ​უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის კი დაგვირეკე „კოალიცია თანასწორობისთვის" ცხელ ხაზზე 568 471414. კვალიფიციური იურისტები მოგიმზადებენ დოკუმენტებს და დაიცავენ შენს ინტერესებს საქართველოს სახალხო დამცველთან და სასამართლოში.