5 წელი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებიდან

თარიღი: 2 მაის 2019

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებიდან 5 წელი გავიდა. 2014 წლის 2 მაისს კანონში ჩაიწერა, რომ „საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია“, თუმცა დისკრიმინაცია ჩვენი ყოველდღიურობაა, ხშირად სახელდაურქმეველი და შეუფასებელი.

დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ნიშნით, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის და როგორ გამოვიყენოთ კანონი საკუთარი თავისა და გარშემომყოფი ადამიანების ჩაგვრისგან დასაცავად.

რა არის დისკრიმინაცია?

ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც რომელიმე ნიშნის ან ჯგუფისადმი კუთვნილების გამო გაუმართლებლად არღვევს ადამიანებს შორის თანასწორობას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ითვლება დისკრიმინაციად. ყველა ადმიანი თანასწორია და ყველას აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული უფლებებით.

რა არის ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანი?

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანია, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა.

ვისთვისაა კანონი?

დისკრიმინაციის მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს. მაგალითად, თუ:

  • რელიგიის გამო არ მოგცეს ლოცვის უფლება
  • კანის ფერის გამო არ შეგიშვეს რესტორანში
  • სექსუალური ორიენტაციის გამო არ მოგემსახურა ექიმი
  • ორსულობის გამო აღარ გაგიგრძელეს კონტრაქტი სამსახურში
  • ეტლით მოსარგებლე ხარ და ვერ ახერხებ შენობაში შესვლას
  • რასობრივი კუთვნილების გამო არ მოგაქირავეს ფართი
  • შენი პოლიტიკური შეხედულებების გამო პოლიციამ უარი გითხრა დახმარებაზე
  • იმის გამო, რომ ქალი ხარ, ნაკლებ ხელფასს გიხდიან
  • და სხვა

ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, დისკრიმინაცია ყველგან შეიძლება მოხდეს.

რა მექნიზმები მიცავს?

თუ თავს მიიჩნევ დისკრიმინაციის მსხვერპლად უფლება გაქვს მიმართო საქართველოს სახალხო დამცველს ან/და სასამართლოს.

დისკრიმინაციის მსხვერპლმა სახალხო დამცველს ან სასამართლოს უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები დისკრიმინაციის შესახებ. ამის შემდეგ, უკვე მოპასუხე იქნება ვალდებული დაამტკიცოს, რომ დისკრიმინაცია არ მომხდარა.

რისი მოთხოვნის ულება მაქვს მე, როგორც დისკრიმინაციის მსხვერპლს?

უფლება მაქვს მოვითხოვო:

  • დისკრიმინაციული მოპყრობის აღკვეთა
  • იმ პირობებში აღდგენა, რაც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელებამდე არსებობდა
  • დისკრიმინაციის შედეგად დამდგარი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებია

ვის მივმართო დახმარებისთვის?

„კოალიცია თანასწორობისთვის“ 10 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანებაა, რომელიც 2014 წლიდან უწევს სამართლებრივ დახმარებას დისკრიმინაციის მსხვერპლებს. კოალიციაში შემავალი თითოეული ორგანიზაცია მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის აღსრულების მექანიზმები.

თუ მიგაჩნია, რომ გახდი დისკრიმინაციის მსხვერპლი მოგვმართე „კოალიცია თანასწორობისთვის ცხელ ხაზზე 568 471414. კვალიფიციური იურისტები გაგიწევენ უფასო სამართლებრივ დახმარებას, მოგიმზადებენ დოკუმენტებს და დაიცავენ შენს ინტერესებს საქართელოს სახალხო დამცველთან და სასამართლოში.