3 დეკემბერი - შშმ პირთა საერთაშორისო დღე

თარიღი: 3 დეკ 2019

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ვალდებულია, პატივი სცეს შშმ პირების სპეციფიკურ საჭიროებებს და უზრუნველყოს შესაბამისი გარემო, რათა მათ, სხვებთან თანასწორ პირობებში, შეძლონ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება (შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია).


გაგაცნობთ მოქალაქე რ.ჩ-ს ამბავს, რომელმაც შშმ პირთათვის შესაძლებელი გახადა მართვის მოწმობის აღება. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) შეიძინა ადაპტირებული მანქანები რუსთავის მომსახურების სააგენტოსთვის, რითიც შშმ პირებს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.

რ.ჩ. დაიბადა 1987 წელს. 14 წლის ასაკში ავთვისებიანი სიმსივნის გამო გაუკეთდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია მთლიანად და ამჟამად სარგებლობს პროთეზით. მას ჰქონდა ძალიან დიდი სურვილი, აეღო მართვის მოწმობა. სწორედ ამ მიზნით, ქ.ბათუმში ერთ-ერთი ავტოსკოლის სასწავლო კურსი, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილი, წარმატებით გაიარა.

მან ზეპირი და წერილობითი სახით რამდენჯერმე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რათა მისთვის მიეცათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისა და მართვის მოწმობის აღების შესაძლებლობა. პასუხად კი მიიღო, რომ სააგენტოს არ გააჩნდა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მორგებული იქნებოდა შშმ პირებზე, შესაბამისად, ავტომობილი, რომლითაც გამოცდაზე გავიდოდა, თავად უნდა წარედგინა. ოჯახში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რ.ჩ-ს არ ჰქონდა ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად სათანადო სახსრები.

ამის შემდეგ, 2016 წლის 9 სექტემბერს რ.ჩ-მ მიმართა სახალხო დამცველს და მოითხოვა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენა და სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის“ რეკომენდაციით მიმართვა.

2018 წლის 9 აგვისტოს, მხარეთა მორიგების მიზნით, რ.ჩ-ს საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტმა ჩაატარა ზეპირი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი. მხარეებმა წარადგინეს ახსნა-განმარტებები, რის შემდეგაც საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა სახალხო დამცველისთვის დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სახალხო დამცველის აპარატში რ.ჩ-ს მიერ განცხადების შეტანის შემდეგ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის სერვისცენტრმა შეიძინა ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალება. შსს-ს მომსახურების სააგენტომ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქუთაისისა და ბათუმის სერვისცენტრებისთვის წლის ბოლომდე შეიძენდა ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებებს. შედეგად, შშმ პირებს მიეცათ შესაძლებლობა, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდასთან ერთად ჩააბარონ პრაქტიკული გამოცდაც, რისი საშუალებაც, განცხადების შეტანის მომენტში, 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით, შშმ პირებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს არცერთ სერვისცენტრში არ ჰქონდათ.


საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, თუმცა უთანასწორო მოპყრობის შემთხვევებს ყოველდღიურად ვაწყდებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ გავხდით დისკრიმინაციის მსხვერპლი. თქვენ უფლება გაქვთ, მიმართოთ საქართველოს სახალხო დამცველს ან/და სასამართლოს. დისკრიმინაციის მსხვერპლმა სახალხო დამცველს ან სასამართლოს უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, ამის შემდეგ, უკვე მოპასუხე იქნება ვალდებული დაამტკიცოს, რომ დისკრიმინაცია არ მომხდარა.

რ.ჩ-ს საქმე სახალხო დამცველთან აწარმოა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციაა. ეს და კოალიციის მიერ დისკრიმინაციის ნიშნით წარმოებული სხვა საქმეები შეგიძლიათ იხილოთ „კოალიცია თანასწორობისთვის“ 2018 წლის საქმიანობის ანგარიშში.