ჩვენ შესახებ

თარიღი: 30 ნოე 2017

"კოალიცია თანასწორობისთვის" არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ხელშეწყობით შეიქმნა და შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)", "იდენტობა", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", კავშირი "საფარი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)" და "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)".

2017 წელს კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა". კოალიციას გააჩნია საქმიანობის სტრატეგია, წესდება და წევრების მიღების დადგენილი წესი და პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ კოალიცია 2014 წლის აპრილში, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა და მისი არსებითი მიზანი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების მანდატის გაძლიერება, კომპეტენციების გაზრდა და დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობაა. "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მიღებამ კოალიციის დღის წესრიგში ახალი ამოცანები დააყენა და ის არსებითად დისკრიმინაციის საქმეებზე პროგრესული სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და თანასწორობის მექანიზმების საქმიანობაში სისტემური ხარვეზების გამოვლენასა და გამოსწორებაზეა ორიენტირებული.

დაარსების დღიდან კოალიციის მუშაობას მხარს უჭერს ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", რომელიც ამავრდოულად კოალიციას სამდივნოს ფუნქციას ასრულებს.