"კოალიცია თანასწორობისთვის" ეხმიანება საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში ბავშვის უფლებების განგრძობადი დარღვევის ფაქტს. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ კვლავ დაფიქსირდა საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის ხელის შეშლა და სახელმწიფო დღემდე არ ასრულებს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიების მოთხოვნებს.
"კოალიცია თანასწორობისათვის" მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ქმედით ღონისძიებების გატარება პანსიონატში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით, რაც მოცემული დროისათვის გულისხმობს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოსათვის ეფექტური მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის მიცემას, ხოლო გრძელვადიანად, ბავშვების რეინტეგრაციას ბიოლოგიურ ოჯახებში ან/და ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის ფორმაში განთავსებას.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველს არ ეძლევა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა ნინოწმინდის პანსიონატში. შეგახსენებთ, რომ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ასევე 2021 წლის 15 აპრილს, როდესაც კვლავ ხელმძღვანელობის მითითებით სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ დაუშვეს დაწესებულების ტერიტორიაზე. ეფექტური მონიტორინგის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტი დაფიქსირდა ასევე 2018 წელს, როდესაც მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ მისცეს ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა.
გარე მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობა განსაკუთრებით აქტუალურია იმ დარღვევებიდან გამომდინარე, რომელიც ასახულია სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლების ანგარიშებში, სადაც საუბარია ბავშვთა მიმართ ძალადობის უმძიმეს ფორმებზე, ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობასა და ბავშვის უფლებათა კონვენციის გარანტირებული მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაზე.
ნინოწმინდის პანსიონატის ადმინისტრაციის უარი, შესაძლებლობა მისცეს საქართველოს სახალხო დამცველს, შევიდეს დაწესებულების ტერიტორიაზე და განახორციელოს დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, არღვევს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ დროებით ღონისძიებას, რომელიც კომიტეტმა მიმდინარე წლის მაისში გამოსცა, კოალიცია თანასწორობისთვის წევრი ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე. კომიტეტი თავის გადაწყვეტილებაში საუბრობს სახელმწიფოს უშუალო ვალდებულებაზე, რომ მან დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევებში იყენებს, როდესაც მიიჩნევს, რომ სახეზეა ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. ამასთან, ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებით ოქმის მე-6 მუხლის საფუძველზე ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოშობს სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას, დაუყოვნებლივ აღასრულოს ის.
ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრები ბავშვის უფლებების დარღვევების პრევენციისა და არსებულ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით, კოალიცია თანასწორობისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას:
• დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, რომლის დროსაც მონიტორინგის განმახორციელებელ უწყებას მიეცემა ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრებისა და ეფექტური მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობა;
• დაიწყოს ბავშვების ინდივიდუალური შეფასება მათი ბიოლოგიურ ოჯახებთან რეინტეგრაციის მიზნით, ხოლო სადაც ამის შესაძლებლობა არ არის, უზრუნველყოს მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის ფორმებში გადაყვანა;
• შეიმუშაოს დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს როგორც ლიცენზირებული, ისე არალიცენზირებული დაწესებულებებიდან ბავშვების გამოყვანის ვადებსა და ფორმებს.