30 სექტემბერი 2022 “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციების მიმდინარე წარმატებული საქმეები - სექტემბერი

“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან. 

გთავაზობთ ამა წლის სექტემბრის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.
 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

11 წლის ბიჭი გააგრძელებს სკოლაში სწავლას

2022 წლის ივლისში, PHR-ის ბავშვთა ადვოკატებს 11 წლის ბიჭმა მომართა. ბავშვს კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში უნდოდა გადასვლა, რადგან  დედის გარდაცვალების შემდეგ, ბებოსთან დარჩენილს ძალიან უჭირდა კერძო სკოლის საფასურის გადახდა და ფიზიკურად სიარული ბევრი კილომეტრით დაცილებული საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე.

ბავშვის ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის (მობილობის) მიზნით, ბავშვის ბებიამ განათლების სამინისტროს და სკოლებს მიმართა, თუმცა მათ უარი განაცხადეს ბავშვის გადაყვანაზე, რადგან ბებია არ არის ბავშვის მეურვე. ხოლო ბავშვის მამის (კანონიერი წარმომადგენლის) ადგილსამყოფელი წლებია უცნობია.  

PHR-ი ბავშვის მომართვისთანავე ჩაერთო საქმეში. ბავშვის სახელით, პირველ რიგში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რესურს-ცენტრს და საჯარო სკოლას ეცნობათ პრობლემის შესახებ და ეთხოვათ სწრაფი მოგვარება. თუმცა, მათ განმეორებით უარი განაცხადეს ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე. მათ ბავშვს განუცხადეს, რომ განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, ბავშვს არ აქვს უფლება, თავად მოითხოვოს განათლების  უფლების რეალიზება.

2022 წლის 7 სექტემბერს,  PHR-მა და არასრულწლოვანმა მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვეს მოსამართლის განჩინებით ბავშვი ყველაზე ახლომდებარე საჯარო სკოლაში სასწრაფოდ ჩარიცხულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ, 2022 წლის 9 სექტემბერს,  ბავშვის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ახალი სასაწავლო წლიდან არასრულწლოვანი სასურველ სკოლაში გააგრძელებს სწავლას.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

უფლებები საქართველო

ბოდბეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის საქმეში „უფლებები საქართველო“ ერთვება

„უფლებები საქართველო“, 2022 წლის 04 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ქმრის მიერ მძიმედ დაჭრილი ქალის ინტერესებს იცავს. 27 წლის ქალი მეუღლემ, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა მსხვერპლი ქალის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა. 

საყურადღებოა, რომ დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვანები იმდენად მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ სკოლაში წასვლაც ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო ბავშვებთან სოციალური მუშაკის ანდა ფსიქოლოგის მუშაობა. 

არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის მიზნით, 2022 წლის 19 სექტემბერს, „უფლებები საქართველომ“ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართა სიღნაღის რაიონულ პროკურატურას და მოითხოვა მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილების დაზარალებულად ცნობა, რათა მათ მიეცეთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სახელმწიფოს მიერ დანერგილი სხვა სერვისების მიღების შესაძლებლობა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"

GDI-ის მორიგი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში

2022 წლის 08 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საქართველოს პარლამენტის წევრ თინათინ ბოკუჩავას უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. მასალები ათასობით დოკუმენტს აერთიანებდა, რომლებიც სასულიერო პირებს, მათ კავშირებს, სატელეფონო მიმოწერებს, საუბრებს, წარსულ საქმიანობებს და პირადი ცხოვრების სხვა დეტალებს ეხებოდა. ამ მასალებში ასევე აღმოჩნდა ინფორმაცია ჟურნალისტების, აქტივისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და მათთან დაკავშირებული პირების საუბრის შესახებ. გავრცელებულ ფაილებში ასახული ინფორმაციის ავთენტურობა დაადასტურეს მათ შორის იმ პირებმაც, რომელთა ინტერესებსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ იცავს.

მიგვაჩნია, რომ უკანონო ფარული-მოსმენა მიყურადებით დაირღვა მომჩივნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. მიგვაჩნია, რომ გამოძიება არ არის ეფექტიანი, რაც კიდევ უფრო მეტად არღვევს უკანონო მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა პირადი ცხოვრების, სამართლიანი სასამართლოს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, ხოლო მსხვერპლებს არ უტოვებს შესაძლებლობას, მათი უფლებები ეროვნულ დონეზე ქმედითი სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვან.

ვთვლით, რომ საქმემ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და საქართველოში უკანონო მოსმენა მიყურადების პრაქტიკაზე.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

Საფარი

20 წელი ხუთი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის – „საფარის“ მორიგი გამარჯვება

ყოფილი ცოლის ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობის მცდელობისთვის კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი ახალქალაქის საქალაქო სასამართლომ 1-ელ სექტემბერს გამოაცხადა.

დაზარალებული ქალისა და მისი ოჯახის ინტერესებს “საფარი” 2021 წლის დეკემბრიდან იცავს. ოჯახში ძალადობის მუხლით ნასამართლევი კაცი, ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ყოფილ ცოლთან მივიდა და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყფა მიაყენა. ამ შემთხვევიდან კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ კი კაცი ყოფილი ცოლის ოჯახში მივიდა და 5 ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომ ეს იყო შურისძიების მოტივით ჩადენილი წინასწარგანზრახული დანაშაული და კაცი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

ადევნებაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გაზაფხულზე, “საფარს” მომართა ე. კ.-მ, რომელმაც ორგანიზაციას ადევნების საქმეზე დახმარება სთხოვა.

ე. კ.-ს მთელი 10 წლის განმავლობაში ადევნებული ჰყავდა ერთი პიროვნება, თუმცა მსხვერპლმა მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში შეიტყო, რომ ეს კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ყოველდღე ხედავდა, მას დასდევდა.

ამ კაცმა ყველაფერი იცოდა ე. კ.-ს შესახებ: მისი ოჯახური მსგომარეობა, საცხოვრებელი, სახელი, გვარი, ფბ პროფილი (მიუხედავად იმისა, რომ ე. კ. თავის სახელით და გვარით არ იყო დარეგისტრირებული ფეისბუკზე). მათ არც საერთო სანაცნობო ჰყოლიათ.

ე. კ. მოძალადის ადევნების სამიზნედ იქცა ფაქტობრივად ყველგან – მაღაზიაში შესვლისას, პარკში სეირნობისას, მის სადარბაზოსთან. ე. კ. იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა, სადაც მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, თუმცა, შემაკავებელმა ორდერმა მოძალადე ვერაფრით შეაჩერა. იგი კვლავინდებურად უთვალთვალებდა და უკან დაყვებოდა ე. კ.-ს.

მსხვერპლის მომართვისთანავე, “საფარმა” პოლიციისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა, ადევნების ბრალდებით. გამოძიება წარიმართა ადევნების ფაქტზე, რომელიც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

27 სექტემბრის სხდომაზე, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ სახეზე იყო ე. კ.-ს მიმართ ჩადენილი დანაშაული, რის გამოც გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

—-----------------------------

“კოალიცია თანასწორობისთვის” განაგრძობს თქვენთვის მუშაობას. შეგახსენებთ, რომ თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის მოგვმართეთ: 

კოალიციის ხაზი: 568 47 14 14

კოალიციის Facebook გვერდი



 

პუბლიკაციები

საქმეები