30 მაისი 2022 “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციების მიმდინარე წარმატებული საქმეები - მაისი

“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან. 

გთავაზობთ ამა წლის მაისის თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საჯარო მოხელემ საია-ს დახმარებით სასამართლო დავა მოიგო

1. რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დავა მოუგო. 

სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ  სამსახურიდან გათავისუფლება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გათავისუფლებული თანამშრომლის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგინდა ის გარემოება, რომ თანამდებობა, რომელიც ეკავა მოსარჩელეს, არსებობდა უწყებაში და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა, რის გამოც ცალსახად დაუსაბუთებელი იყო სადავო გადაწყვეტილება მოსარჩელის მობილობის შეუძლებლობის გამო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის საქმე საიამ წარმატებით დაასრულა

საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა ქალს, რომელიც წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან. კერძოდ, მოძალადე წლების განმავლობაში უკრძალავდა მას გარეთ მარტო გასვლას, მეზობლებთან, მშობლებთან და ნებისმიერ გარეშე პირთან კომუნიკაციის დამყარებას. დაზარალებული გარეთ გასვლას მხოლოდ მეუღლესთან ერთად ახერხებდა, სხვა შემთხვევაში ბავშვთან ერთად ბინაში იყო ჩაკეტილი, ხოლო ბინის გასაღები მის მეუღლეს დაჰქონდა თან. 

დაზარალებულმა 2019 წლის 9 სექტემბერს, როდესაც ბავშვთან ერთად ჩაკეტილი იმყოფებოდა,  მოახერხა პოლიციის გამოძახება, რის შემდეგაც მის მეუღლეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო მას კი მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

პენსიონერმა საიას დახმარებით შეძლო კუთვნილი პენსიის სრულად მიღება

საიას სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა პენსიონერმა, რომელსაც საპენსიო ასაკი 2022 წლის იანვარში შეუსრულდა. მან პენსიის დანიშვნის შემდეგ კუთვნილი პენსიის მიღების მიზნით მიმართა ლიბერთი ბანკის ერთ-ერთ ფილიალს. ბანკის წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ პენსიას ვერ მიიღებდა, რადგან ბანკის წინაშე ჰქონდა შესასრულებელი წლების წინ აღებული სასესხო ვალდებულება.

საბანკო დაწესებულების მითითებით, პენსიონერმა განცხადებით მიმართა დაწესებულებას და სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მოითხოვა პენსიის მისთვის გადაცემა, თუმცა, ბანკმა შესთავაზა სესხის გადასაფარად ახალი სესხის აღება, რაც მნიშვნელოვნად აუარესებდა პენსიონერის მდგომარეობას. ამასთან, ბანკმა უარი განაცხადა პენსიონერისთვის ხელშეკრულების ასლების გადაცემაზე.

საკითხის შესწავლის მიზნით, საიამ ბანკს მიმართა საჩივრით (საპრეტენზიო განაცხადით), რომელშიც მოთხოვნილი იყო სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაკავებული პენსიის პენსიონერისთვის გაცემა და პენსიის დაკავების საფუძველთან დაკავშირებით წერილობითი განმარტების მიღება. საკითხის შესწავლის შემდეგ ბანკმა გაითვალისწინა საჩივარში მითითებული სამართლებრივი არგუმენტაცია, რის შედეგადაც პენსიონერმა შეძლო პენსიით სარგებლობა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პენსიონერმა მისი საკრედიტო ისტორიის მიუხედავად, სრულად შეძლოს სახელმწიფოს მიერ დადგენილი პენსიით სარგებლობა, მეორე მხრივ კი, საბანკო დაწესებულებებმა პენსიონერი მსესხებლების საბანკო ვალდებულებების დაფარვის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოქმედი რეგულაციები და არ შელახონ პენსიონერების უფლებები.

 ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.


პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ქალის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკანონოდ მოთავსების გამო, კლინიკას მორალური ზიანის გადახდა დაეკისრა

2019 წლის 31 აგვისტოს, ი.მ დილით საყიდლებზე წავიდა. როცა შინ დაბრუნდა, მის საცხოვრებელი სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო.  სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ ვერ მიხვდა რა მოემოქმედებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ კლინიკაში. თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი მის დასაცავად. საბოლოოდ კლინიკაში მისვლის შემდეგ ისე მოხდა რომ ი.მ ფსიქიატრიული კლინიკიდან აღარ გამოუშვეს.

აღნიშნულ საქმეში ი.მ-ს მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხირდან არ მომხდარა ფაქტების გადამოწმება - იყო თუ არა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ სწორედ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსარჩელის გადაყვანა კლინიკაში.

PHR-ის დახმარებით ი.მ-მ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში კანონის დარღვევით მოთავსების გამო.

PHR-მა ი.მ-სთან ერთად დაიწყო სამოქალაქო დავა კლინიკის წინააღმდეგ და ი.მ-ს თავისუფლების უკანონო შეზღუდვის გამო, რამაც მას ტკივილი და ტანჯვა განაცდევინა, მისთვის მორალური ზიანის  ანაზღაურება მოითხოვა.

სასამართლოს ორმა ინსტანციამ დააკმაყოფილა ი.მ-ს მოთხოვნა და კლინიკას მორალური ზიანის გადახდა დააკისრა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.


"უფლებები საქართველო"

"უფლებები საქართველოს" დახმარებით, ირანის მოქალაქემ მოიგო დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ა.ი.-ს მიმართ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. 

2021 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ სრულად გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ მიერ სააპელაციო შესაგებელში მითითებული სამართლებრივი დასაბუთება და  ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.  

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. ბმულზე.

 

"უფლებები საქართველოს" დახმარებით, ირანის მოქალაქემ უზენაეს სასამართლოში ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე დავა მოიგო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც სააგენტოს დაევალა ვ.მ.-სთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. 

ვ.მ.-სთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სასამართლო დავა „უფლებები საქართველომ“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2020 წლის 29 დეკემბერს დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „უფლებები საქართველოს“ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, ბათილად ცნო სახელმწიფო სერვისების სააგენტოს უარი ვ.მ-სთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და სააგენტოს დაავალა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

 

საფარი 

ძალადობის მსხვერპლ ქალს ქმარი 4 თვის განმავლობაში შვილთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა

საფარი იცავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესებს, რომელსაც თვეების განმავლობაში შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ. დაახლოებით 4 თვის წინ ქალმა ქმარს ძალადობის გამო უჩივლა და სახლიდან წავიდა, თუმცა შვილის წაყვანის უფლება არ  მისცეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვი მაშინ მხოლოდ 7 თვის იყო და ძუძუთი იკვებებოდა. ამ ხნის მანძილზე ქალი მივიდა პოლიციაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს როგორც რეგიონულ, ისე ცენტრალურ ოფისში, თუმცა შვილის ნახვა იქამდე ვერ მოახერხა, სანამ „საფარს“ არ დაუკავშირდა.

13 მაისს, ქალი საფარის იურისტთან, ორ სოციალურ მუშაკთან, სოციალური სააგენტოს წარმომადგენელთან და პოლიციასთან ერთად მოძალადე კაცის საცხოვრებელში მივიდა და ბავშვი წამოიყვანა. ადგილზე მისულებს ძალიან რთული მდგომარეობა დახვდათ: სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, ბანკმა დააყადაღა, ახალმა მეპატრონემ კი მათ სახლის აივანზე დროებით ცხოვრების უფლება მისცა.

ამ საქმის შესახებ მეტი იხ. Ბმულზე.

“კოალიცია თანასწორობისთვის” განაგრძობს თქვენთვის მუშაობას. შეგახსენებთ, რომ თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის მოგვმართეთ: 

კოალიციის ხაზი: 568 47 14 14

კოალიციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/coalitionforequality 

პუბლიკაციები

საქმეები