31 მაისი 2022 “კოალიცია თანასწორობისთვის” ეხმიანება თბილისში ტრანსგენდერ ქალებზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს

2022 წლის 29 მაისს, ღამის საათებში ტრანსგენდერი ქალი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მაღაზიაში იმყოფებოდა, რომლის დატოვების შემდეგაც სამმა უცნობმა პირმა ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ერთი მათგანი ელექტრო სკუტერით (ე.წ. “სქროლი”) დაეჯახა. ტრანსგენდერი ქალი თავდამსხმელებს გამოერიდა და საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა. რამდენიმე წუთის შემდეგ სახლთან შეიკრიბა 20-მდე უცნობი პირი, რომლებმაც შენობის მიმართულებით სხვადასხვა ნივთის (ძირითადად, ქვა) სროლა დაიწყეს. თავდამსხმელები სახლში მყოფ ხუთ ტრანსგენდერ ქალს, ისევე როგორც  სახლის მეპატრონე ხანდაზმულ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და  სიცოცხლის მოსპობით ემურებოდნენ.

 

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან განარიდა, თუმცა არ დაუკავებია. ასევე, მყისიერად არ მომხდარა საგამოძიებო მოქმედებების (გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სხვა) ჩატარება. საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ მედიის მიერ საქმის გაშუქებისა და უფლებადამცველების ჩართვის შემდეგ დაიგეგმა და ამ დრომდე გრძელდება.

 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს. გამოძიების პროცესში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი გამოიკვეთა, თუმცა ამ დროისთვის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი. საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება დანაშაულის მონაწილე სხვა პირთა იდენტიფიცირების მიზნით.

 

სამწუხაროდ, სათემო ორგანიზაციების პრაქტიკა ბოლო დროს ლგბტქი ადამიანების მიმართ სხვადასხვა ფორმის ძალადობის გაძლიერების ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ნათლად მიუთითებს ჰომო/ტრანსფობიური ძალადობის წინააღმდეგ ქმედითი პოლიტიკის სისუსტეზე. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციის  ერთიანი და ქმედითი პოლიტიკა. ბოლო წლებში გატარებული პოზიტიური ცვლილებები სამართალდამცავ სისტემებში ძირითადად ინდივიდუალურ საქმეებზე, პოსტ-ფაქტუმ რეაგიების შედეგებით შემოიფარგლება, ზოგჯერ კი ეს რეაგირებაც შერჩევით და არათანმიმდევრულ ფორმებს იღებს. ამ კუთხით განსაკუთრებით თვალშისაცემია ულტრა-კონსერვატიული ჯგუფების მხრიდან მომდინარე ძალადობის ფაქტებზე აშკარად არაეფექტიანი რეაგირებისა და ძალადობის ორგანიზატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობის შეწყნარების პრობლემა. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის პოლიტიკაში კვლავ სუსტი რჩება მსხვერპლის სამართლებრივ და ფსიქო-სოციალურ დაცვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული მიდგომები და მგრძნობელობა.  

 

ლგბტქი ადამიანების მიმართ განხორციელებულ სისტემური ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი გულგრილობა და ძალადობრივი ჯგუფების დემონსტრაციული დაუსჯელობა კიდევ უფრო მეტად აღრმავებს თემის წევრების ჩაგვრას და ინსტიტუციებისადმი უნდობლობას. 

 

მოვუწოდებთ 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას:

  • ეფექტურად გამოიძიოს ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის ფაქტი, მათ შორის, მყისიერად მოახდინოს თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება და ყველა პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება;

  • უზრუნველყოს მსხვერპლი ქალების უსაფრთხოება და დაიცვას პოტენციური ძალადობისგან;

  • გააძლიეროს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა ამგვარი დანაშაულის ეფექტიანი და სისტემური პრევენციის მიმართულებით;

 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

 

  • შეიმუშაოს ჰომო/ტრანსფობიური ძალადობის წინააღმდეგ ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც გულისხმობს როგორც სტრუქტურული პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ისე ამგვარი დანაშაულის მსხვერპლთათვის მხარდაჭერი სერვისების შექმნას; 

  • უზრუნველყოს ლგბტქი ადამიანებისა და თანასწორობის საკითხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;

  • შეიმუშაოს ძალადობრივ ჯგუფებთან გამკლავების სტრატეგია. 

 


 

პუბლიკაციები

საქმეები